ქალის სახელები


ქაბატო (ქართული) " ქალბატონი "  (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ დომნა, ვილა, კირა, რაისა, სარა, ხათუნა).

ქალთამზე (ქართული).

ქეთევან (სპარსული) მნიშვნელობა უცნობია. " შაჰ-ნამეს "  ერთ-ერთი პერსონაჟი ქალის სახელი ქეთაიონ ქართულში გადმოტანილია ქეთეონ-ის ფორმით, საიდანაც შემდეგ მიღებულია ქეთევან. მოფერებითი ფორმებია: ქეთო, ქეთინო, ქეთეთო. ამ სახელით საქართველოში ცნობილია რამდენიმე ისტორიული პიროვნება, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თეიმურაზ პირველის დედა ქეთევან დედოფალი, რომელიც ტყვედ ჰყავდა შაჰ-აბაზს. ქეთევანმა არ უარყო ქრისტეს სჯული და წამებით მოკლეს. ამის გამო ეწოდა ქეთევან წამებული, შერაცხილ იქნა წმინდანად და მისი სახელიც შეტანილ იქნა საეკლესიო კალენდარში. ქეთევან წამებულის შესახებ არსებობს რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები.

ქიონია (ბერძნული) " თაღი "  (საეკლესიო კალენდრის მიხედვით " თოვლიანი "). ერქვა რამდენიმე მოწამეს.

ქორდიკო (ქართული) " იყავ "  (მეგრული ზმნის ფორმას დართული აქვს მოფერებითი სუფიქსი ‘იკო’).

ქრისტინე (ბერძნული) " ქრისტესი ", " ქრისტიანი ". პარალელური ფორმაა ქრისტინა. ერქვა რამდენიმე მოწამეს.

ქსენია (ბერძნული) " სტუმართმოყვარე ", ან: " უცხო ", " უცხოელი ". ერქვა რამდენიმე მოწამეს.