გვარები მეთვრამეტე საუკუნეში


გვარების წინამდებარე ალფაბეტურ-ელექტრონული ვერსია შედგენილია ორი შემდეგი საისტორიო ნაშრომისა და გენეალოგიური წყაროს მიხედვით: 1. “მეწინავე დროშის საბარათაშვილოსა და სომხითის აღწერა”, რომელიც დაიწერა მეფე ვახტანგ VI-ის ბრძანებით 1721 წელს ცნობილი ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილისა და მდივნის გივი თუმანიშვილის მიერ. 2. “აღწერა არაგვის ხეობისა, 1774 წ.”, რომელიც მეფე ერეკლე II-ის ბრძანებით შეუდგენიათ ლუარსაბ მაყაშვილს, მანუჩარ თუმანიშვილს და მდივან გორჯასპის შვილს. ზემოდასახელებული შრომები 1907 წელს ერთ წიგნად გამოსცა და რედაქტირება გაუკეთა ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც იგი დაასათაურა როგორც “მასალანი საქართველოს სტატისტიკური აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში”. სწორედ ამ მასალიდან/წიგნიდან ვუთითებთ გვერდებს საიტზე განთავსებულ გვარებს, ხოლო ნაშრომების სათაურად გამოვიყენეთ ორიგინალური წყაროების შემდეგი შემოკლებები: [1721 წლის აღწერა] და [აღწერა არაგვის ხეობისა, 1774 წ.].