ქურთები

ქურთები საქართველოში

ქურთების საკუთარი სახელწოდებაა ქურდი, კურმანჯი. ქურთები წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ეთნოსია. ძირითადად ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, სირიაში, ერაყში (ქურთისტანის ტერიტორიაზე), ლიბანში, ავღანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, თურქმენეთში. 1978 წლის მონაცემებით, ქურთები 10 280 ათასს შეადგენდნენ. აქედან ყოფილ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა 116 ათასი, საქართველოში - 26 ათასი კაცი. მათი ენაა ქურთული, რომელიც განეკუთვნება ირანული ენის დასავლურ შტოს და გამოიყოფა ორი ძირითადი დიალექტი: კურმანჯი (ჩრდილო-დასავლური) და სორანი (სამხრეთ-აღმოსავლური). ქურთები ძირითადად სუნიტი მუსლიმანები არიან, მცირე ნაწილი შიიტები, იეზიდები, ალი-ილაჰები და სხვა.

1514 წელს ქურთისტანი გაინაწილა თურქეთმა და ირანმა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდეგ გაიყო 4 სახელმწიფოს შორის (თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია). ამ დაყოფამ ქურთი ერი ჩაგრული უმცირესობის მდგომარეობაში ჩააყენა. XIX საუკუნეში ქურთების ნაწილმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.

საქართველოში, კერძოდ მესხეთში, ცალკეული ქურთული მომთაბარე ტომები XVI საუკუნეში გაჩნდა. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანებისა და გაძლიერების კვალდაკვალ თბილისში ჩამოდიოდნენ იეზიდ ქურთთა დელეგაციები, რომლებიც იმედოვნებდნენ ოსმალეთში განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს ერეკლე მეორის მხარდაჭერას.

ქურთები თბილისში გამოჩნდნენ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. პირველად ერთი ქურთი, როგორც თბილისის მცხოვრები, დაფიქსირებულია 1876 წელს, 1886 წელს - 3, 1899 წელს 464 ქურთია აღწერილი.

საერთოდ, ქურთების ძირითადი მასა საქართველოში დასახლდა 1918-1920 წლებში, მას შემდეგ, რაც თურქებმა დაიწყეს მათი რელიგიურ-პოლიტიკური შევიწროება. ქურთები გადმოსახლდნენ ვანიდან და ყარსიდან.

XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში ქურთების რაოდენობა 10,217 სულს უდრიდა. თბილისში ქურთების გამოჩენასთან ერთად გაჩნდა ახალი იეზიდების კონფესია, რომელიც დასახელებულ წლებში 1,5 ათას კაცს ითვლიდა. 1926 წლის აღწერით, თბილისში ცხოვრობდა 458 ქურთი, მათგან 258 მამაკაცი და 200 ქალი. ამავე აღწერით, თბილისში იეზიდი იყო 2,044 სული, აქედან 1,157 მამაკაცი და 887 ქალი.

ამავე პერიოდში აფხაზეთში ცხოვრობდა 22 ქურთი, აჭარაში - 3,295 და ე.წ. `სამხრეთ ოსეთში~ - 1 ქურთი.

1926 წელს თურქეთიდან ქურთების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცდილობდა ამიერკავკასიაში შემოსვლას. ხელისუფლება საცხოვრებელი ტერიტორიის სიმცირის გამო შეუძლებლად თვლიდა ქურთების ტომის - ბრუკის მიღებას უახლოესი წლების მანძილზე. თუმცა იმავე წლის ნოემბერში თურქეთიდან ლტოლვილ ქურთებს უფლება მიეცათ დასახლებულიყვნენ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, რისთვისაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 100 ათასი მანეთი.

აღნიშნულ პერიოდში ირანიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩამოვიდა ქურთების 400 ოჯახი. თითოეულ ოჯახზე საჭირო იყო 700 მანეთის გამოყოფა.

ადრე ერევნის გუბერნიაში სოფელ სურმალის მცხოვრები იეზიდების 12 ოჯახი, რომლებიც XX საუკუნის 20-იან წლებში კახეთში ცხოვრობდნენ, 1926 წლის თებერვალში თხოულობდა ერევნის გუბერნიის სოფელ კაზიმირში გადასახლებას. ისინი აღნიშნავდნენ, რომ დასახელებულ სოფელში მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ტალინი ეწოდებოდა, არავინ ცხოვრობდა და თავისუფალი იყო. იეზიდების ოჯახები შეადგენდნენ 69 სულს. ჰყავდათ 13 ხარი, 18 ძროხა, 112 ცხვარი და 2 ცხენი. დოკუმენტებიდან არ ჩანს რა შედეგი მოჰყვა მათ თხოვნას.

1930 წლის მონაცემებით, უკვე იხსენებიან ცალკე ქურთები და ცალკე იეზიდები. ქურთების დიდი ნაწილი ცხოვრობს თბილისში, მცირე - სოფლად, ძირითადად კახეთში. რელიგიური კუთვნილების მიხედვით, საქართველოს ქურთები იეზიდები არიან. მათი წარმოდგენით, იეზიდობა ეროვნული ვინაობის გამომხატველია.

თბილისში ქურთები ცხოვრობდნენ კომპაქტურად, უბნებად, ხარფუხის გაგრძელებაზე - ორთაჭალაში, ბერძნების უბნის გვერდით, ასევე გაფანტულად - საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

1959 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემებით აქ ცხოვრობდა 16,2 ათასი ქურთი; 1970 წელს - 20,7; 1979 წელს - 25,7; 1989 წელს - 33,3.

ბოლო 2002 წლის საქართველიოს მოსახლეობის აღწერით აქ ცხოვრობდა 18,329 ქურთი, მათ შორის თბილისში 17,116.

წყაროები:

- ა. სონღულაშვილი, ნარკვევები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, თბილისი 2001, გვ. 101-103;
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 290.
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.