ქართველები

ქართველები

საქართველოს თანამედროვე ტერიტორია და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მიწები უძველესი დროიდან იყო დასახლებული მონათესავე ქართველური ტომებით. მათ შორის ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად ათასეული წლების წინათ ჩამოყალიბდა ქართველი ხალხი. თავისი ენით ქართველები იბერიულ-კავკასიურ ხალხებს ეკუთვნიან. თანამედროვე ქართული ენის შექმნაში ძველქართულთან ერთად მონაწილეობდნენ მეგრული (ზანური) და სვანური ენები, რომლებიც ქართველურ ენობრივ ჯგუფს ქმნიან. მონათესავე ტომების ერთ ხალხად გაერთიანებაში უდიდესი როლი შეასრულეს ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII და IV-III საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა ქართულმა სახელმწიფოებმა - კოლხეთმა და იბერიამ. ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტსაც, რომ ძველი წელთაღრიცხვის XII-VIII საუკუნეებში დაიაენი-დიაუხის აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც არსებობდა. პოლიტიკურმა კონსოლიდაციამ დააჩქარა ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარება და ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი. ქართველი ერის ჩამოყალიბებას ბევრად შეუწყო ხელი IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარებამ, ქართული ქრისტიანული დამწერლობის შემოღებამ და უფრო გვიან (Xს.) ყველა ქართული სამეფო-სამთავროს გაერთიანების გზით ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს შექმნამ.

იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს უშუალო ანუ პირდაპირი წყარო საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ძველი ეპოქისათვის, რიგ ისტორიულ გამოკვლევაში სხვადასხვა არაპირდაპირ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქმულია ორი ძირითადი მოსაზრება. პირველი მათგანი დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ XIII საუკუნის შუა წლებში, მონღოლების გამოთვლით, ქართველებს უნდა გამოეყვანათ ლაშქარში 90 ათასი კაცი, რადგან 9 სრული შეძლების კომლზე ერთი მეომრის გამოყვანა ევალებოდათო; ამ ჰიპოთეზის თანახმად მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი სულითაა განსაზღვრული. მეორე მოსაზრება იმავე მონღოლების მიერ ქართველთა ლაშქარში გაწვევის მონაცემებს ეყრდნობა, მაგრამ ორჯერ უფრო ნაკლები მაჩვენებლით განსაზღვრავს XIII საუკუნის შუა წლების საქართველოს მოსახლეობას.

XIII საუკუნის მეორე მეოთხედიდან შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოში გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე და განაპირობებდა მოსახლეობის თანდათან კლებას, დროდადრო კი იწვევდა მოსახლეობის კატასტროფულ შემცირებას. საკმაოდ არახელსაყრელი დემოგრაფიული სიტუაცია შეიქმნა XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიც, როცა თურქეთისა და სპარსეთის აგრესიული ძალების შემოსევებმა და ქვეყნის შიგა აშლილობამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი მოსახლეობაში და სამხრეთის რიგი პროვინციის გაუკაცრიელება. ამის შედეგად 1770-იან წლებამდე კვლავ გრძელდებოდა მოსახლეობის აბსოლუტური რიცხოვნობის კლება. ამ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა მინიმუმამდე იყო შემცირებული და არ აღემატებოდა 750-770 ათასს (თანამედროვე საზღვრებში), რაც შეადგენდა მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 0,08%-ს.

გვიანი შუა საუკუნეების მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პირობებმა არა მარტო შეაჩერა ქართველი ერის მატერიალური და სულიერი კულტურის შემდგომი აღმავლობა, არამედ უაღრესად უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე, რის შედეგადაც რეალური საფრთხე შეექმნა თვით ერის ფიზიკურ არსებობას.

XIX საუკუნეში თუმცა დაიწყო ქართველების აბსოლუტური რაოდენობის მატება, მაგრამ ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა არაქართველთა გაძლიერებულ ჩამოსახლებას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, რამაც გამოიწვია ძირითადი აბორიგენული მოსახლეობის ფარდობითი რაოდენობის თანდათან კლება. ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა შეიქმნა ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში. ჯერ იყო და, 900-იან წწ. მოხდა სომხების მასიური ჩამოსახლებანი, შემდეგ კი ორი მსოფლიო ომს შუა პერიოდი აღინიშნა ახალი მკვეთრად დაქვეითებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ჩვენი ძირითადი მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა მაღალ დონეზე იდგა, 1939 წ. ქართველებზე მოდიოდა რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის 61,4%. არც მანამდე და არც შემდგომში, მოსახლეობის საყოველთაო აღწერებს არ დაუდგენიათ ქართველების ასეთი მცირე ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში.

გასული საუკუნის შუა წლები გვევლინება ქართველი მოსახლეობის ფარდობითი რაოდენობის დინამიკაში თავისებური გარდატეხის პერიოდად: თუ მანამდე მთელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე ქართველების ხვედრითი წონა მცირდებოდა, შემდგომში უკვე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა იცვლება სხვა მიმართულებით - მაღლდება ქართველების ფარდობითი რაოდენობა (იხ. ცხრილი).

ქართველების რიცხოვნობის დინამიკა საქართველოში 1800-2002 წლებში.

წლები ქართველი მოსახლეობის რაოდენობა (ათასობით) ქართველთა ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში (%)
1800 წ.----622,6 ათასი---- 79,4 %
1832 წ.----677,1 ათასი----75,9%
1865 წ.----950,6 ათასი----73,8%
1886 წ.----1188,1 ათასი----72,4 %
1897 წ.----1331,3 ათასი----69,4 %
1926 წ.----1788,2 ათასი----66,8%
1939 წ.----2173,6 ათასი----61,4 %
1959 წ.----2600,6 ათასი----64,3%
1970 წ.----3130,7 ათასი----66,8 %
1979 წ.----3433,0 ათასი----68,8%
1989 წ.----3787,4 ათასი----70,1%
2002 წ.----3661,1 ათასი----83,8 %


XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველების რაოდენობის გაორკეცებას საქართველოს თანამედროვე საზღვრებში დასჭირდა 90 წელი. XX საუკუნეში ბოლო გაორკეცება მოხდა 60 წლის მანძილზე (1930-1990 წწ.) სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველების რიცხვი წინა საუკუნეში ერთნახევარჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე XIX საუკუნეში; ეს მაშინ, როცა XX საუკუნის მანძილზე ჩვენი ერის რიცხოვნობის ზრდა ბევრად შეაფერხა ორმა მსოფლიო ომმა, აგრეთვე 20-იანი და 30-იანი წწ. სისხლიანმა რეპრესიებმა. მთლიანად 190წ. მანძილზე (1800-1990 წწ.) ქართველების რიცხოვნობა დღევანდელი საქართველოს ფარგლებში გაიზარდა 6,2-ჯერ. მსოფლიოს მთელი მოსახლეობა იმავე პერიოდში გაიზარდა 952 მლნ-დან 5,4 მლრდ-მდე, ანუ 5,7-ჯერ. უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის დასაწყისიდან მთელი 140წ. მანძილზე ქართველების რიცხვი საქართველოში უფრო სწრაფად იმატებდა, ვიდრე მსოფლიოს მთელი მოსახლეობა. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კი შებრუნებული მდგომარეობაა, რაც გამოწვეულია ჩვენი დიდი დანაკარგებით მეორე მსოფლიო ომში, აგრეთვე ომისშემდგომ პერიოდში საშუალოდ მსოფლიოს მთელი მოსახლეობის მეტად დაჩქარებული მატებით და ქართველების ნელი ზრდით. ზოგადად უნდა ითქვას, რომ 190 წლის მანძილზე ქართველების მატება უფრო თანაბარი იყო მსოფლიოს მოსახლეობასთან შედარებით. ქართველებში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჩვენს რესპუბლიკაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და ქურთებს, არ ყოფილა გამოსახული ის `დემოგრაფიული აფეთქება~, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიოში (ძირითადად განვითარებად ქვეყნებში) XX საუკუნის მეორე ნახევარში.

საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ გარე მიგრაციული პროცესები, მაგრამ ამ უკანასკნელთა როლი შედარებით უმნიშვნელოა საკუთრივ ქართველების რაოდენობის ცვლილებაში. ქართველების მატებაში გადამწყვეტია ბუნებრივი მატება, გარე მიგრაციული პროცესები კი ამცირებენ მატების ტემპებს, რადგან წასულთა რიცხვი სჭარბობს მოსულთა რაოდენობას. რაც შეეხება არაქართველებს, მათი ძირითადი ნაწილის გამრავლებას მეორე მსოფლიო ომამდე ხელს უწყობდნენ გარე მიგრაციები, ხოლო 50-იან წწ. მდგომარეობა სიმეტრიულად შეიცვალა: ყოველწლიურად არაქართველთაგან მეტი მიდის რესპუბლიკიდან, ვიდრე მოდის, ანუ მექანიკური გადაადგილება ამცირებს მათი მატების ტემპს.

ცხრილიდან ნათლად ჩანს პირველი და მეორე მსოფლიო ომების უარყოფითი გავლენა ქართველი მოსახლეობის გამრავლებაზე. თუ მხედველობაში არ მივიღებთ გასული საუკუნის პირველ მესამედს, როდესაც მოსახლეობის მატების ხელშემწყობი პირობები ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, ყველაზე დაბალი ქართველების მატება იმ ისტორიულ მონაკვეთებშია, რომლებიც მოიცავენ ომის წლებს. რაც შეეხება დანარჩენ ისტორიულ პერიოდებს, ქართველების საშუალო წლიური მატების ტემპი ახლოს დგას ბუნებრივ მატებასთან. ამ მხრივ გამონაკლისია ბოლო 1970-80-იანი წლები როდესაც ქართველების ბუნებრივ მატებას მნიშვნელოვნად ჭარბობს ფაქტობრივი მატება. აქ მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებანი: მიმდინარეობდა არაქართველების ერთი ნაწილის ბუნებრივი ასიმილაცია ქართველებთან; ბევრმა ქართველმა XVIII-XIX საუკუნეებში მიიღო გრიგორიანული სარწმუნოება და იწერებოდა სომხად, ბოლო წლებში კი მათმა ნაწილმა აღიდგინა თავისი ეროვნება.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ძირითად ხალხებთან შედარებით, ქართველები ყველაზე მეტად არიან თავმოყრილი თავის სამშობლოში. 1989 წ. მთელ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველების 95,1% დამკვიდრებული იყო საქართველოში. 30-იანი წლებიდან დაწყებული, ბევრად უფრო სწრაფად იმატებდა ქართველების რიცხვი სხვა რესპუბლიკებში, ვიდრე საქართველოში.

1926-1989 წლებში ქართველების რაოდენობა საქართველოში გადიდდა 2,1-ჯერ, სსრკ-ის დანარჩენ რესპუბლიკებში კი 5,8-ჯერ. ეს მაშინ, როცა სხვა რესპუბლიკებში დამკვიდრებული ქართველების ნაწილი განიცდის ასიმილაციას, ანუ იცვლის თავის ეროვნულ კუთვნილებას. ცხადია, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ წლებში ქართველების ნაწილის წასვლას სხვა რესპუბლიკებში. Uუკანასკნელი წლების მანძილზე ათეული ათასობით ქართველი გადავიდა სხვა რესპუბლიკებში. ომამდელ წლებში წასულთა რიცხვი შედარებით მცირე იყო, თანდათან იზრდებოდა ომისშემდგომ პერიოდში და მაქსიმუმს მიაღწია 70-80-იან წწ. მეზობელ რესპუბლიკებში სოფლად ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - საინგილოში, აგრეთვე სოფელ პლასტუნკაში - სოჭის მახლობლად. საინგილო ყოფილი აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაა და ინგილოები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობაა, პლასტუნკაში კი რაჭველები ჩასახლდნენ XIX საუკუნის მიწურულში. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში მრავალჯერ მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე სოფლად. ქართველების საკმაოდ მოზრდილი კოლონიებია ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში - ვლადიკავკაზში, ნალჩიკში და კისლოვოდსკში. ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს ჩასახლება მოხევეებმა, ორ დანარჩენ ქალაქშიც უკვე კარგა ხანია დამკვიდრდნენ ზემო რაჭის ქართველები.

საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყოფილი სსრ კავშირის სხვა რესპუბლიკებში 1989 წ. მონაცემებით ქართველები ცხოვრობენ ყველაზე მეტი რაოდენობით (ათასობით): რუსეთის ფედერაციაში - 130,7; უკრაინაში - 23,5; აზერბაიჯანში - 14,2; ყაზახეთში - 9,5; უზბეკეთში - 4,7; ბელორუსიაში - 2,8. დანარჩენი რესპუბლიკებიდან კი თითოეულში ცხოვრობს დაახლოებით ათასი ქართველი. ბევრი ქართველია მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ხარკოვში, აგრეთვე დონბასის და ურალის ქალაქებში. დასახელებულ ქალაქებში მცხოვრებ ქართველებს შორის ბოლო დრომდე ჭარბობდა ინტელიგენცია და სტუდენტობა. განსაკუთრებით გახშირდა ქართველების წასვლა რუსეთში და ზოგ სხვა ქვეყანაში 1991-წლიდან დღემდე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ თურქეთსა და ირანში. დღევანდელი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ყოფილი ქართული პროვინციები - ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტანუჯი, კოლა, ბასიანი და სხვ. უძველესი დროიდან დასახლებული იყო ქართველებით. XVI საუკუნიდან, ამ პროვინციების თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ, მათ ძალდატანებით მიიღეს ისლამი; შემდგომში ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ადგილებში ჩაასახლეს. ყოველივე ამის შედეგად ქართველების უმეტესობამ განიცადა ასიმილაცია თურქებთან და დაჰკარგა დედაენა. ამის მიუხედავად, ქართველების ნაწილმა თურქეთში დღემდე შეიუნარჩუნა ქართული ენა და ზნე-ჩვეულებანი. საქართველოს მოსაზღვრე შავი ზღვის სანაპირო ზოლში თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს აგრეთვე ქართველური მოდგმის ხალხი - ლაზები. ზოგიერთი მონაცემებით მათი რაოდენობა გასული საუკუნის შუა წლებში შეადგენდა 300 ათასს.

თურქეთში ქართველების განსახლების საკმაოდ ვრცელი ტერიტორია წარმოადგენს ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის გავრცელების არეალს. ჩვენ დრომდე შემორჩა იქ ქართული არქიტექტურის კლასიკური პერიოდის შესანიშნავი ძეგლები: ტაძრები - ხახული, ოპიზა, ოშკი, ბანა და სხვ. ასევე ციხეების, ხიდების ნანგრევები. იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი მსოფლიო ომის წლებში და შემდგომ პერიოდში ბევრი ქართველი ჩასახლდა დასავლეთ ანატოლიაში, ქართველთა დასახლებები გაჩნდა ბურსის, სინოპისა და სხვა ქალაქების მიდამოებში.

ირანში, მხოლოდ ფერეიდანის პროვინციაში, მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდში ქართველები შეადგენდნენ 10 ათასზე მეტს. ქართველები ცხოვრობენ აგრეთვე ირანის პროვინციების - გილიანის, მაზანდერანის, აზერბაიჯანის სოფლებში, ომის შემდგომ პერიოდში ბევრი ფერეიდნელი ქართველი ჩასახლდა ირანის ქალაქებში, მათ შორის თეირანში (რამდენიმე ოჯახი საქართველოშიც ჩამოვიდა).

1921 წ. სამშობლოდან ლტოლვილმა ქართველებმა საფრანგეთში შექმნეს კოლონია. მომდევნო წლებში მათ მიემატა ახალგაზრდა ემიგრანტები, რომლებმაც სწავლის მიზნით თუ პოლიტიკური მოტივით დატოვეს საქართველო.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცები მოხვდნენ დასავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბევრი მათგანი იბრძოდა პარტიზანულ რაზმებში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. ცნობილია, თუ როგორ დაიღუპა ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე 1945 წ. გაზაფხულზე გერმანელთა წინააღმდეგ აჯანყების შედეგად 500-ზე მეტი ქართველი ტყვე-ჯარისკაცი.

ომისშემდგომ პერიოდში ქართველების ნაწილი ევროპიდან ამერიკაში გადასახლდა. იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არ არსებობს ჩვენ თანამემამულეთა კომპაქტური დასახლება, იქ მცხოვრებ ქართველებს ადგილობრივ ხალხებთან ასიმილაცია მოელით.

განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში ქართველი ერის ჩამოყალიბება და პოლიტიკური კონსოლიდაცია ქვეყნის ცალკე ნაწილების შეკავშირებასაც ნიშნავდა. ამავე დროს უძველესი დროიდან არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები კვლავ ინარჩუნებენ ტრადიციულად დამკვიდრებულ ეთნოგრაფიულ თავისებურებებს, რაც მატერიალური და სულიერი კულტურის არაერთ ელემენტში აისახებოდა. ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები დღესაც განაგრძობენ თავის არსებობას, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, როცა გაძლიერდა მოსახლეობის მობილურობა, ურბანიზაცია შეიჭრა ცხოვრების მრავალ სფეროში, წინსვლა განხორციელდა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საქმეში, იმდენად გათანაბრდა საქართველოს ცალკეული რეგიონების ეთნოგრაფიული თავისებურებანი, რომ მინიმუმამდე შემცირდა მანამდე მათ შორის არსებული სხვაობანი. დღეს არსებული ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია წარმოადგენს ერთიანი ეროვნული სხეულის შემადგენელს, მათი საერთო ნიშნები მრავალჯერ უფრო მძლავრადაა გამოსახული, ვიდრე ეთნოგრაფიული ჯგუფების ყოფითი თუ სხვა თავისებურებანი.

წყაროები:

_ პ.გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს. ტ.I, თბილისი 1949, გვ. 456-611;
_ ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, თბ., 2001. (სამეცნიერო დისკუსიის მასალები);
_ ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში, თბილისი 1984;
_ ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა. თბილისი, 1996 გვ. 297-305.
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.