ოსები

ოსები საქართველოში

ქართული წყაროები ხშირად მოიხსენიებენ ალანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით, ოსების ან ოვსების სახელით. ამ წყაროებში მათი ხშირად ხსენება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასაბამიდანვე მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ალანებთან. ეს დიდი ტომობრივი ჯგუფი, რომელიც მიეკუთვნება ირანელთა ჩრდილო შტოს, ჩვ.წ. 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა არალის ტბასა და კავკასიას შორის მდებარე ტერიტორიაზე. ევროპაში ჰუნების შეჭრის შემდეგ ზოგიერთი ალანური ტომი დასავლეთში გადავიდა, დანარჩენები კი კავკასიაში დარჩნენ. ამრიგად, ოსები არიან ირანული მოდგმის ანტიკური ალანური ტომების შთამომავლები. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანული სარწმუნოებისაა, ხოლო ნაწილი (ჩრდილო ოსეთის ცენტრალურ რაიონებში) მუსლიმანებია.

XIII საუკუნის მეორე ნახევარში ალან-ოსებმა სცადეს ძალით დასახლება საქართველოში, მაგრამ საქართველოს მეფე გიორგი V დაამარცხა ისინი და განდევნა ქვეყნიდან.

XVII საუკუნეში ქართველი წარჩინებულები დაინტერესებული იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან შეეძინათ ოსი მოსამსახურეები. სწორედ იმ დროს ოსებმა ლეგალურად დაიწყეს მიგრაცია ჩრდილო საქართველოს მთიან ნაწილებში. მოგვიანებით, არაგვის, ქსნისა და რაჭის სამთავროებში, სამაჩაბლოსა და საწერეთლოს ზოგიერთ ტერიტორიებზე ნაწილობრივ ბინადრობდა ოსური მოსახლეობა.

ამრიგად, XVIII საუკუნის დასასრულს საქართველოში ოსურმა მოსახლეობამ მიაღწია 5,000 ოჯახს. ასე შეიქმნა ძველ ქართულ მიწებზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსთა ეთნიკური მასივი, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია `შიდა ოსების~ ან კიდევ `არაგვის, ქსნის, ლიახვისა და სამაჩაბლოს ოსების~ სახელით.

ქართველებისათვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~, ვინაიდან მასში ჩანს ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფედერაციას განეკუთვნება. XIX საუკუნეში ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ გამოიყენებოდა კულტურული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, მაგრამ ამ მხარემ ეს ადმინისტრაციული სტატუსი კომუნისტური მმართველობის შედეგად მიიღო. იმის მიუხედავად რომ უკანასკნელ რამდენიმე საუკუნეში ამ რეგიონის სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ოსები წარმოადგენდნენ, ქართველები მას მიიჩნევდნენ თავიანთ ისტორიულ პროვინციად და უწოდებენ შიდა ქართლს ან სამაჩაბლოს, ან კიდევ ცხინვალის რეგიონს.

1918 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი გახდა და ჩრდილო ოსეთი ჩამოყალიბდა როგორც თერგის საბჭოთა რესპუბლიკა. საქართველოს რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის მხარე შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს.

რაც შეეხება მოსახლეობის პრობლემას, 1800 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 29,300 ოსი, ხოლო 1832 წელს - 32,300. 1886 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოში იყო 71,000 ოსი, ხოლო 1897 წელს - 81,500.

XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ოსი მოსახლეობის რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქვეყანაში ცხოვრობდა 113,298 ოსი. საქართველოში ოსთა ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა აგრეთვე გასული საუკუნის 30-40-60-70-80-იან წლებში. 1939 წელს მათი რიცხვი იყო 148,680; 1959 წელს - 141,200; 1970 წელს - 150,200; 1979 წელს - 160,500; 1989 წელს 164,100.

1989 წელს ე.წ. "პერესტროიკის" პირობებსა და ქართული ნაციონალიზმის ზრდის შიშით სამხრეთ ოსებმა მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან გაერთიანება. მომდევნო წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა, დააწესა მმართველობა პრესაზე და აკრძალა დემონსტრაციები. 100.000-ზე მეტი ოსი წავიდა საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილო ოსეთში. ეს ომი დამთავრდა 1992 წლის ივლისში, როდესაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ოსი, ქართველი და რუსი მშვიდობის დამცველი ჯარები განლაგდნენ ამ რეგიონში.

მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით 2002 წელს საქართველოში ცხოვრობდა 38,028 ოსი, მათ შორის 10,268 ცხოვრობდა თბილისში.

წყაროები:

- ზ.ვანეევი, ისტორიული ცნობები ალან-ოსთა შესახებ, სტალინირი 1941, გვ.45-69;
- ვ.ითონიშვილი, ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი 1995, გვ.13-14;
- ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ.282-302;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემები, თბილისი 2002, ტ.I-II.