საქართველოს არქივები
საქართველოს ეროვნული არქივები ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ჩართული არიან კვლევით საქმიანობაში. მათი ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა სახელმწიფო დაცვაზე მიიღონ და მოუარონ ისტორიულად ღირებულ დოკუმენტებს და ხელმისაწვდომი გახადონ ისინი ფართო საზოგადოებისათვის. ეს არქივები წარმოადგენენ  მნიშვნელოვან დაწესებულებებს მათთვის ვინც დაინტერესებულია თავიანთი ოჯახების ისტორიითა და წარმომავლობით, ვინაიდან აქ დაცულია გენეალოგიური შინაარსის დოკუმენტები როგორც საეკლესიო ჩანაწერები, ასევე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მქონე მასალა.
 
ამრიგად, საქართველოს არქივებში არსებული საისტორიო წყაროები მდიდარია გენეალოგიური სახის ცნობებით. ამ საარქივო დოკუმენტების საფუძველზე შესაძლებელია შესწავლილ იქნას და დამტკიცდეს დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, სოცალური მდგომარეობის, სამსახურის, რელიგიური კუთვნილების და სხვ. ფაქტები ოჯახის ინდივიდუალური წევრების შესახებ. აღნიშნული გენეალოგიური კვლევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის საარქივო დოკუმენტები: საეკლესიო ჩანაწერები დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების შესახებ, მოსახლეობის აღწერის დოკუმენტები, იურიდიული და ნოტარიალური საქმეები, სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ სახელმწიფო დაწესებულებების მასალები, უმაღლესი და საშუალო სკოლების, პარტიებისა და ასოციაციების, თავად-აზნაურთა რანგის განმსაზღვრელი კომისიების და მრავალი სხვ. შინაარსის დოკუმენტები.
 
 ძირითად წყაროს გენეალოგიური კვლევებისათვის წარმოადგენს საეკლესიო ჩანაწერები (ე. წ. მეტრიკული წიგნები),  რომლებიც თავმოყრილია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში, თარიღდება XIX საუკუნის  დასაწყისიდან 1921 წლამდე და მოიცავს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას. 1921 წლიდან 1927 წლამდე  მოქალაქეთა რეგისტრაციის მასალები დაცულია საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში,  ხოლო 1927 წლიდან დღემდე პერიოდის ეს მასალა მოთავსებულია  მოქალაქეთა რეგისტრაციის არქივებში, რომლებიც  ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და ინახება იქ მათი შექმნიდან 100 წლის განმავლობაში. 
 
 საეკლესიო წიგნების გარდა კიდევ არის სხვა გენეალოგიური შინაარსის წყაროები საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო  საისტორიო არქივში. ესენია, მოქალაქეთა აღწერები, სიები, განათლების, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების  მასალები. საქართველოს მოქალაქეთა აღწერის დოკუმენტები იწყება 1803 წლიდან, თვით აღწერები კი ქვეყანაში ტარდებოდა  ყოველ 10 წელიწადში. მასში მოცემულია ოჯახის წევრთა სახელები, გვარები, მათი ასაკი, საქმიანობა და ნათესაური  კავშირები. ეს ინფორმაცია რგისტრირდებოდა სოფელებისა და ქალაქების მიხედვით.       
 
ისტორიული დოკუმენტები, ტერმინოლოგია, ქრონოლოგია
 
საბუთი და დოკუმენტი არაქართული ტერმინებია. საბუთი არაბული სიტყვაა და ქართულში შემოვიდა, როგორც ჩანს, სპარსულის გზით. იგი ქართულად ნიშნავს დამტკიცებას, დამოწმებას. საბუთი ქართულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება და მტკიცედ იკიდებს ფეხს XIX საუკუნეში. დოკუმენტი საერთაშორისო დიპლომატიკური ტერმინია და წარმოდგება ლათინური ზმნიდან doceo – ვამცნობ, ვასწავლი. ეს ტერმინი ქართულ საისტორიო წყაროებში არ გვხვდება, მაგრამ თანამედროვე ქართულში უკვე დამკვიდრებულია.
 
როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, ძველად საქართველოში დოკუმენტთა აღმნიშვნელ სიტყვად იხმარებოდა: წიგნი, სიგელი, დაწერილი, გუჯარი, ნიშანი, პიტაკი, იარლუყი, ბრძანება, ფირმანი, რაყამი, დავთარი, ბარათი, არზა, ოქმი, თამასუქი, უსტარი, პატრუცაგი, ენდალმა, მატიანე, ტომარა, ნუსხა, დასტურლამა, განაჩენი, განჩინება, წერილი, პირი, ფიცი, ანდერძი, ჩაქი, წარკვეთილი, ქარტა, გახსნითი, განწესება და სხვ. [ივ. ჯავახიშვილი, ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ. 1926]
 
სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში, ჩამოთვლის რა დოკუმენტის აღმნიშვნელ ტერმინებს, წერს, რომ “წიგნი ეწოდების ერთსა წერილთაგანსა მრთელსა, ვისიც იყოს; ხოლო მინაწერსა მოკითხვათა და სასაქმოთა – უსტარი; უდარესისაგან უაღრესის მინაწერს – იერლაყი; მეფეთაგან მეფესთან მინაწერთა – პატრუცაგი; მეფეთაგან მინიჭებისა წერილსა – სიგელი; აგარაკთა და სოფლების დამტკიცებისა წერილსა – გუჯარი; მეფეთაგან ბრძანება-შეუცვალებელსა წერილსა – რუარტაგი (როარტაგი); სამეფოთა მოსახსენებელსა – მატიანე; წარსაგებელთა აღწერილთა – დივანი; გრძლად გარდაბმულთა წერილთა – ტომარი; განსაგებელთა წერილთა – განაჩენი; განყრისა და განშორებისა წერილთა – განსაშორებელი; სამოწმო წერილსა – სვისტატიკოსი. ღვთისა, გინა მეფეთა ბრძანებასა – ენდელმა ეწოდების” [ სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბ., 1991, II, გვ. 272].
ისიდორე დოლიძე განმარტავს, რომ შუა საუკუნების ქართულ სამართალში საკანონმდებლო აქტის აღსანიშნავად რამდენიმე ტერმინი იხმარებოდა. ასეთი ტერმინები იყო: წიგნი, სიგელი, გუჯარი, დაწერილი, ბრძანება, ჴელი, პიტაკი და ოქმი. წიგნი ყოველგვარი (როგორც ოფიციალური, ისე კერძო) საბუთის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი იყო. სიგელი და გუჯარი მეფის მიერ ნაბოძებ საბუთს ეწოდებოდა; ბრძანება ან ოქმი – მეფეთა განკარგულებას, ხოლო ჴელი ქვაზე ამოკვეთილ მეფის ბრძანებას გულისხმობდა. სიგელის მნიშვნელობის აღსანიშნავად ზოგჯერ ბრძანება და პატაკიც იხმარებოდა. რაც შეეხება დაწერილს, იგი XV საუკუნემდე იხმარებოდა  და იმ საბუთებს ეწოდებოდა, რომლებიც მეფის მიერ იყო გაცემული, მაგრამ ზოგჯერ საკანონმდებლო აქტსაც შეიცავდა (მაგალითად, ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის დაწერილი შიო-მღვიმისადმი). [ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, გვ. IX]
 
 
ძველი ქართული ასოთი-წელთაღრიცხვის გადაყვანა რიცხვებში:
 
ა – 1;  ბ – 2;  გ – 3;  დ – 4; ე – 5;  ვ – 6;  ზ – 7;  ჱ – 8;  თ – 9;  ი – 10;  კ – 20;  ლ – 30;  მ – 40;  ნ – 50;  ჲ – 60;  ო – 70;  პ – 80;  ჟ – 90;  რ – 100;  ს – 200;  ტ – 300;  უ – 400; ფ – 500;  ქ – 600;  ღ – 700;  ყ – 800;  შ – 900;  ჩ – 1000;  ც – 2000;  ძ – 3000;  წ – 4000;  ჭ – 5000;  ხ – 6000;  ჴ – 7000;  ჯ – 8000;  ჰ – 9000; ჵ –10000.
მაგალითად, ჩღჲთ = 1769 წელს;  ჩყპზ = 1887 წელს.