მოკლე გენეალოგიური მეგზური

საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის ელექტრონული მეგზურის შექმნის მოკლე ისტორია

1995 წელს რამდენიმე მეცნიერი კანადიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელთა შორის იყვნენ პროფესორები ანტონი რაინლენდერი (წმ. თომას უნივერსიტეტი), ოლივერ რეისნერი (გოტინგენის უნივერსიტეტი), სტივენ ჯონსი (მაუნტ-ჰოიოკის კოლეჯი), კენეთ ჩერჩი და სტივენ რეპი (მიჩიგანის უნივერსიტეტი) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად ეწვივნენ საქართველოს.  ყველა მათგანი ახლოს გაეცნო საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივებში შექმნილ მძიმე მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობას და გადაწყვიტეს შეექმნათ ორგანიზაცია ამ პრობლემების გადასაჭრელად. პროფესორ რეზო ხუციშვილთან და საქართველოს სხვა არქივისტებთან ერთად მათ დაარსეს საზოგადოება სახელწოდებით ~საქართველოს ეროვნული არქივების მეგობრები”, რომლის ძირითადი მიზანი იყო აღნიშნული პრობლემების მოგვარება და კვლევითი ინტერესის გაღვივება საქართველოსა და კავკასიისადმი.

~საქართველოს ეროვნული არქივების მეგობრებმა~ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა არქივებში შექმნილ ამ მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად იქმნებოდა ელექტრონული მეგზურის შექმნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში, სადაც დაცულია დოკუმენტები IX საუკუნიდან 1921 წლამდე. ეს პროექტი მოიწონა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, ხოლო დააფინანსა ვაშინგტონის ~საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭომ~.

აღნიშნულ პროექტში მონაწილე პირებმა 1997 წლიდან 2001 წლამდე შექმნეს საქართველოს საისტორიო არქივის სამენოვანი მეგზური, რომლის პირველადი ენა არის ქართული, თუმცა იგი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულად და ინგლისურადაც. ეს მეგზური მოიცავს 830 ფონდის აღწერილობას.

ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ზემოაღნიშნული მეგზურის იმ ფონდების მიმოხილვა, რომლებშიც ყველაზე ფართოდაა მოცემული გენეალოგიური ინფორმაცია.

ფონდი #1. საქართველოს უმაღლესი მმართველობის საერთო კრება (1801-1838)

საქართველოს მმართველობის საერთო კრების სხდომათა ჟურნალები. საქართველოს მეფეთა დოკუმენტების განსახილველად დაარსებული კომისიის სხდომათა ოქმები. მოხსენებები ვახტანგ VI კანონების რუსეთის იმპერიის კანონებთან შეფარდებისა და საქართველოს მმართველობის საერთო კრების გაუქმების შესახებ. 1812 წლის კახეთის აჯანყებაში მონაწილე ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა სია. მიმოწერა შემდეგ საკითხებზე: ქართველი მეფეებისა და ბატონიშვილების მიერ განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადასახადებისაგან გასათავისუფლებლად გაცემული სიგელების, ბრძანებების ნამდვილობის დადასტურება; პენსიების დანიშვნა; თავადთა მამულების შემოსავალი; სხვადასხვა პირთა წარმომავლობა; ვახტანგ VI კანონის შესაბამისად მკვლელობისათვის ფულის გადახდევინება; ყოფილი ელჩის ავალიშვილისათვის მამულის დაბრუნება; ყოფილი სამეფო სახლის წევრებისათვის ფულადი ჯილდოს გაცემა; სათავადაზნაურო წიგნში ქართველ თავადთა გვარების შეტანა; საქართველოს მიწების გამიჯვნა. მეფეების როსტომის, ერეკლე II, გიორგი XII, უფლისწულების ალექსანდრეს, ლევანის, თეიმურაზის, იულონის, დედოფალ დარეჯანის სიგელების დედნები და თარგმანები.

ფონდი #213. თავადაზნაურთა თბილისის საგუბერნიო საკრებულო (1817-1917)

კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოსა და საბჭოს დებულებები. თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოს გახსნა; დებულებები ამიერკავკასიაში საერობო დაწესებულებების გახსნის, თერგის ოლქის მართვის შესახებ. თბილისისა და ქუთაისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოს მუშაობის წესები. თბილისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოს სხდომათა ოქმები; საქართველოს თავადაზნაურთა სიები; ქართველ თავადთა საგვარეულო. მოხსენებები, მიმოწერა კახეთის რკინიგზის მშენებლობის, დაღესტნის ქედზე გზის გაყვანის, თბილისში სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოფენის (1901 წ.) მოწყობის შესახებ. თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდება. მოიხსენიებიან: ნ.ბარათაშვილი, დ.ყიფიანი, ი.ჭავჭავაძე, ა.წერეთელი, ვ.ბარნოვი, შ.მღვიმელი, ი.კარგარეთელი, ზ.ფალიაშვილი, ი.გრიშაშვილი, პ.ინგოროყვა. 

ფონდი #214. თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი (1817-1917)

დებულება საერობო დამცველების შესახებ. თავადაზნაურთა სიები. თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდება; მოსკოვში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების წესდება. მოხსენებები, ცირკულარები, მიმოწერა შემდეგ საკითხებზე: საგვარეულო წიგნების შემოღება; 1804 და 1812 წლების აჯანყებებში აზნაურთა მონაწილეობა; სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარება; უწყისები აზნაურთა რაოდენობის შესახებ. ბატონყმობიდან გლეხების განთავისუფლება; მემამულეთა გლეხების ყოფა-ცხოვრების მოწყობა; დ.ყიფიანის პროექტი გლეხების ბატონყმობიდან განთავისუფლების შესახებ; მემამულეთა გლეხების კამერალური აღწერილობა; გლეხების სხვა გუბერნიებში გადასახლების წესები; დროებითვალდებულ გლეხთა გადასახადები; თბილისის გუბერნიის გლეხების რაოდენობა; ამიერკავკასიის საერობო გადასახადების ხარჯთაღრიცხვა; კახეთის რკინიგზის მშენებლობა. ყურძნის დაავადებებთან ბრძოლა; სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მოღვაწეობა; მეღვინეობისა და მეფრინველეობის სკოლების გახსნა. თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის, ქალთა პანსიონატის, დუშეთის სასწავლებლის, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსება; ქართული სტამბის დაარსების 200 წლისთავის აღნიშვნა; თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და მუზეუმის შენობების აგება; ძეგლების რესტავრაცია და აღდგენა; ქ.ანისში არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ; ქართული სცენის მოღვაწეთა I ყრილობის შესახებ; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობა; გაზეთების გამოცემა; თბილისში ექიმთა XXIII ყრილობის ჩატარება; კავკასიის სამედიცინო საზოგადოების მოღვაწეობა; ი.ჭავჭავაძის, თ.ჟორდანიას, ნ.ლომოურის, ვაჟა-ფშაველას, ალ.სარაჯიშვილის გარდაცვალება. დ.ყიფიანის, გ.სუნდუკიანის ხსოვნის უკვდავყოფა; ე.გაბაშვილის, ვ.გუნიას, კ.მესხის, ი.ნაკაშიძის, ა.სუმბათაშვილ-იუჟინის, ა.წერეთელის იუბილეების ჩატარება. დ.ყიფიანის ნამსახურობის სია.

ფონდი #254. თბილისის სახაზინო პალატა (1802-1918)

სახაზინო ექსპედიციის სხდომათა ოქმები და ჟურნალები. დებულება ამიერკავკასიის მხარის მმართველობის გარდაქმნის შესახებ. მიმოწერა შემდეგ საკითხებზე: საქართველოს უმაღლესი მმართველობის სახაზინო ექსპედიციის, ქართული საექიმო გამგეობის, თბილისის საქალაქო პოლიციის, ბაქოს სახაზინო პალატის, სამაზრო ხაზინების გახსნა; საქართველოს სამთო ექსპედიციის სამთო ხაზინისა და ზარაფხანის გაუქმება; სასამართლოს წესდების შემოღება; სამიჯნო ნაწილის დაარსება. ანგარიშები საქართველოს სახაზინო ექსპედიციის, თბილისის საადგილმამულო და კომერციული ბანკის, კავკასიის ეკონომიკური საზოგადოებების, კახეთის მებაღეთა საზოგადოება `კახეთის~, ფუნიკულიორის სააქციო საზოგადოების, თბილისის ტრამვაის, კავკასიის სამრეწველო საზოგადოების. სტატისტიკური მონაცემები სამრეწველო საწარმოებისა და სახელოსნოების შესახებ; საქართველოს სამთო ექსპედიციის, ქალაქ ბაქოსა და ბაქოს გუბერნიის ფაბრიკებისა და ქარხნების უწყებები; მიმოწერა ალავერდისა და ახტალის ქარხნების მუშაობის შესახებ; დუშეთის, ბორჩალოსა და სხვა მაზრების მიწათმფლობელების სიები; მაზრების კამერალური აღწერები და სიები. 

ფონდი #489. საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორა (1814-1917)

სასინოდო კანტორის სხდომათა ოქმები, ანგარიშები. მოხსენებები, მიმოწერა შემდეგ საკითხებზე: დიკასტერიის გაუქმება და საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორის გახსნა; როზენის საქართველოს მთავარმართველად დანიშვნა; საოლქო საბჭოს დაარსება; საქართველოში თარხნობის გაუქმება; თავადების მიერ საეკლესიო გლეხების მითვისება; საქართველოს გარდაცვლილ მეფეთა ქონებისა და მათი დოკუმენტების განხილვა; სასულიერო წიგნებისა და ჟურნალების ქართულ ენაზე გამოცემა; ეპარქიების, საძმოების, სასულიერო სკოლების, კონსისტორიების, მონასტრების გახსნა; ეკლესიების უძრავი ქონების ხაზინის მართვა-გამგეობაში გადაცემა; ბეგარა-გადასახადები საეკლესიო მამულების სარგებლობისათვის; აფხაზეთის მთავარ შერვაშიძის ქორწინება; საქართველოში სახაზინო და ხის ეკლესიების რაოდენობა; ხიდების შეკეთება; ეკლესიების, მონასტრების შეკეთება, მშენებლობა; თბილისში ქოლერისა და გორში შავი ჭირის გავრცელება; უწყებები ეკლესიების, საეკლესიო შემოსავლის და გლეხების რაოდენობის შესახებ.