გერმანელები
გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობა განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც საქართველოში XIX საუკუნის 10-იანი წლებიდან რუსეთის ცარიზმის ინიციატივით გერმანელი კოლონისტები დამკვიდრდნენ.
 
თავად რუსეთში გერმანელების მოსვლას ხელი შეუწყო 1762-63-64 წლებში გამოქვეყნებულმა მანიფესტებმა, რომელთა მიხედვითაც უცხოელებს იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. 1764 წელს სამხრეთ ვოლგაზე აღმოცენდა პირველი გერმანული დასახლებები. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებიც - ფრანგები, 
შვეიცარიელები, ჰოლანდიელები, რომლებიც, გერმანიიდან გადმოსახლებულებთან ერთად, უკვე ამ დროიდან ითვლებიან ვოლგისპირელ გერმანელებად. მეფის ხელისუფლების წყალობით გერმანელები რუსეთში ჩამოსახლებისთანავე პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მათზე არ გაავრცელეს ბატონყმური ურთიერთობა, ე.ი. არცერთი გერმანელი საბატონო გლეხი არ გამხდარა, ხოლო სამხედრო ვალდებულებებისაგან გაანთავისუფლეს ასი წელი. რუსეთის ტერიტორიაზე გერმანელების ჩამოსახლება პერიოდულად მიმდინარეობდა XIX საუკუნის 70-იან წლებამდე.
 
XIX საუკუნის დასაწყისში გერმანიაში აღმოცენდა სექტანტური მოძრაობა, ე.წ. `სეპარატიზმი~. ხელისუფლების დევნამ სექტანტები აიძულა გადასახლებულიყვნენ ამერიკასა და რუსეთში. აღნიშნული მოძრაობა უფრო მეტად შესამჩნევი გახდა ვიურტემბერგში, ბავარიასა და შვეიცარიაში, რასაც ხელი შეუწყო იმ დროს ცნობილი მქადაგებლების - ბენგელისა და შტილინგის - გავლენამ. ისინი წინასწარმეტყველებდნენ სამყაროს დასასრულის მოახლოებას და არწმუნებდნენ `სეპარატისტებს~ თავის გადარჩენა სამშობლოს გარეთ, კავკასიაში, არარატის მთასთან ახლოს ეძებნათ. შეშინებულმა სექტანტებმა კავკასიაში გამოგზავნეს `განსაკუთრებული მზვერავები~ ადგილის დასათვალიერებლად და კოლონიზაციისათვის ხელსაყრელი გარემოს შესარჩევად. რუსეთის ხელისუფლება დათანხმდა გერმანელების ჩამოსახლებას მათთვის სასურველ ადგილზე.
 
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მთავარმართებელ ციციანოვის დროს დაიწყო საქართველოს კოლონიზაცია. ამ წლებში ჩამოასახლეს შავიზღვისპირელი და დონელი კაზაკები მდინარე ენგურზე, ხოლო ჩეხი სექტანტები - იმერეთში.
 
ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში, გერმანელთა კოლონიზაციას ცარიზმი ხელს უწყობდა პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებით. ეკონომიკური პოზიცია იგივე იყო, რაც რუსეთის იმპერიის სხვა კუთხეების კოლონიზაციისა: დაუსახლებელი ადგილების ათვისება და ეკონომიკის გამოცოცხლება. ცარიზმის პოლიტიკური თვალსაზრისი იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველოს კოლონიზაციით თავისი დასაყრდენი გაეჩინა ადგილობრივ მოსახლეობაში.
 
კოლონისტთა პირველი ჯგუფი 31 ოჯახის (181 სულის) შემადგენლობით თბილისში ჩამოვიდა 1817 წლის 21 სექტემბერს. ეს კოლონისტები დაასახლეს სართიჭალის მახლობლად, კოლონიას ეწოდა მარიენფელდი. 1818 წელს ჩვენს დედაქალაქს გერმანელთა დიდი ტალღა მოაწვა (500 კოლონისტი გერმანელის ოჯახი). ისინი თბილისის გუბერნიის სხვადასხვა ადგილას დაასახლეს. მთავრობამ მათ მოსაწყობად ერთდროულად გაიღო 65 ათასი მანეთი ოქროთი. თითოეულ კოლონისტ მუშა მამაკაცზე უნდა გამოეყოთ 35 დესეტინა სახნავი საუკეთესო ადგილებში ჰავით და სასმელი წყლით. გარდა ამისა, მკვიდრ მოსახლეობას აიძულებდნენ მიწები დაეხნათ და საშენი მასალა მიეწოდებინათ ჩამოსახლებული ახალმოშენეთათვის.
 
1819 წლის ბოლოს ამიერკავკასიაში სულ რვა კოლონია შეიქმნა, აქედან ექვსი საქართველოში განლაგდა. ესენი იყო: 
1. მარიენფელდი 31 ოჯახით, კახეთის გზატკეცილზე (სართიჭალაში);
2. თბილისის კოლონია - ქალაქის მაშინდელ გარეუბან კუკიაზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირის ტერიტორია) - 51 ოჯახით. 1852 წელს ეს კოლონია, რომელიც ხელოსნებისაგან შედგებოდა, ქალაქს მიეკუთვნა, ხოლო 1861 წლიდან კოლონისტების სარგებლობაში არსებული მიწები სრულ საკუთრებაში გადაეცათ; 
3. ალექსანდერსდორფი - 23 ოჯახი (დაერქვა ალექსანდრე I-ის საპატივცემულოდ), მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თბილისიდან ჩრდილოეთით, 6 ვერსის დაშორებით; დიდუბის სახაზინო მიწებზე (ახლანდელი სამტრედიის ქუჩის მიდამოები); 
4. პეტერსდორფი - 17 ოჯახით (სახელწოდება მიიღო პეტრე I-ის პატივსაცემად). ეს კოლონია დაარსდა მარიენფელდის მახლობლად; 
5. ელიზავეტალი - 65 ოჯახით (სამხრეთში - დღევანდელი ასურეთი). სახელწოდება მიიღო დასახლების ადგილის არჩევის დღესთან დაკავშირებით (1818 წ. ნოემბერი ახალი სტილით); 
6. ეკატერინენფელდი - 116 ოჯახით (სახელწოდება მიიღო ვიუტენბერგის დედოფლის ეკატერინე პავლეს ასულის საპატივცემულოდ). ეს კოლონია მდებარეობდა ბორჩალოს მაზრაში, ბოლნისთან, თბილისიდან 60 ვერსის მანძილზე. ჩამოსახლებული `სეპარატისტების~ დიდი ნაწილი სწორედ ეკატერინენფილდში დამკვიდრდა, ეს ტერიტორია ამავე დროს შერჩეულ იქნა სექტანტების ხელმძღვანელთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. ამის გამო ეკატერინენფელდის კოლონიამ დაარსების დღიდანვე ყველაზე საპატიო ადგილი დაიკავა კავკასიაში არსებულ კოლონიათა შორის და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დიდ როლს თამაშობდა კავკასიელ კოლონისტთა ცხოვრებაში.
 
გერმანიიდან ჩამოსულთა გარდა საქართველოში, მოგვიანებით, სხვადასხვა ტერიტორიიდან მოდიოდნენ კოლონისტები. 1842 წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულა გერმანელთა 10 ოჯახი. მათ კურორტი აბასთუმანი მოწონებიათ, მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობების გამო, 1 ოჯახი რუსეთში დაბრუნებულა, 18 ოჯახს მარიენფელდთან ახლოს 370 დესეტინა აუღია. მთავრობამ მათ მატერიალური დახმარება აღმოუჩინა. ამ დასახლებას მარეიდენტალი უწოდეს. ერთი კომლი ბოლნისში მისულა და ეკატერინენფელდელ გერმანელებს შეხიზვნია.
 
1884 წელს სოხუმის მახლობლად რუსეთიდან გადმოასახლეს კოლონისტები, რომლებმაც აქ შექმნეს ორი კოლონია: ნაიდორფი (53 მცხოვრებით) და გნადენბერგი (26 მცხოვრებით).
 
1848 წლამდე გერმანელ კოლონისტთა დასახლებები ჩვენში იწოდებოდნენ `საქართველოს გერმანულ კოლონიებად~, ხოლო აღნიშნული წლიდან მათ `ამიერკავკასიის გერმანული კოლონიების~ სახელწოდება მიიღეს.
 
საქართველოს მოსახლეობის 1865 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 4,2 ათასი გერმანელი; 1886 წელს - 5,5; 1897 წელს - 7,4.
 
ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1922 წლის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში ცხოვრობდა 2,457 გერმანელი; 1926 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი აქ ცხოვრობდა 3,156 გერმანელი.
 
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ოფიციალურად გაასახლეს საქართველოდან.
 

წყაროები:

 
- ა. სონღულაშვილი, გერმანელები საქართველოში, თბილისი 1995, გვ. 4-7, 36-39;
- გ. მანჯგალაძე, გერმანელი კოლონისტები საქართველოში, თბილისი 1974;
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 112.