სომხები

სომხები საქართველოში

როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი, საქართველოში სომხების დასახლება ძირითადად XVI საუკუნიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როცა მტრისაგან შევიწროებული სომხობა სამშობლოს ტოვებდა და უცხო ქვეყნებში აფარებდა თავს. ამასთან დაკავშირებით აკად. ივ. ჯავახიშვილი წერდა: `საქართველო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა ...იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, - საქართველოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნეობრივი დევნა არ ყოფილა, - და თანაც საქართველოში შემოხიზნულ სომხებს სულ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვნენ... სრულებით ბუნებრივია, რომ ისინი სახლდებოდნენ განსაკუთრებით იმ კუთხეში, რომელიც სომხეთის მოსაზღვრე იყო და სადაც თავისუფალი სამოსახლო ადგილი მოიპოვებოდა. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ისინი შემოიხიზნებოდნენ ხოლმე სწორედ ქვემო ქართლში.~ იმავე ივ. ჯავახიშვილის მონაცემებით, თურქთა და ლეკთა შემოსევების შედეგად, სომხური მოსახლეობა ამ ადგილბიდან აყრილა. ასეთი აოხრების შემდეგ, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ამიერკავკასიაში სომეხთა საერთო რაოდენობა 17000 ოჯახამდე შემცირებულა. მისივე თქმით, ქვემო ქართლში, კერძოთ ლორეში, რუსეთის ხელისუფალთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ერეკლე მეფეს უკაცრიელ ადგილებში მხოლოდ მელიქ აბო და მისი ყმები დაუსახლებია.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებში სომეხთა კომპაქტური დასახლება XIX საუკუნის დამდეგიდან ჩნდება. კერძოდ 1829-1831 წლებში, როდესაც რუსეთის ხელისუფალთა ინიციატივით, არზრუმის საფაშოდან ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში 34 ათასი სომეხი ჩამოასახლეს, ხოლო 5 ათასი ბორჩალოს მაზრის იმ ნაწილში, რომელიც დღევანდელი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის. რაც შეეხება სომეხთა საქართველოში მასობრივ ჩამოსახლებას, იგი რუსეთის ხელისუფალთა გამიზნულ ანტიქართულ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ერევნის სახანოდან 1804 წელს თბილისში სომეხ ჩამოსახლებულთა რიცხვი - 2000 კაცს უდრიდა. 1807-1808 წლებში, თბილისის გუბერნიასა და ავლაბარში - 338 სომხური ოჯახი (1906 სული) ჩამოასახლეს, ხოლო მთავარმართებელ ტორმასოვის დროს 1809-1811 წლებში ყარაბაღიდან - 428 ოჯახი (2140 სული) ბოლნისში ჩამოასახლეს. ყარსის, ერზრუმის და ბაიაზეთის ვიალიეთებიდან 1829 წელს - 14000 ოჯახი. რუსეთის ხელისუფალთა შემწეობით, საქართველოში სომეხთა ჩამოსახლებების შედეგად, მათი მატების დინამიური პროცესი შემდეგ სურათს იძლევა: 1865 წელს საქართველოში ცხოვრობდა - 122,6 ათასი სომეხი, 1886 წელს - 172,9 ათასი, 1897 წელს მისი რაოდენობა - 197,0 ათასამდე გაიზარდა. 1897-1902 წლებში საქართველოში 55 ათასი სომეხი ჩამოასახლეს. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, თბილისში სომხების რაოდენობა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე გაიზარდა, რომელთაგან 68 ათასი ახლად მოსული იყო.

საქართველოს ტერიტორიაზე სომეხთა ჩამოსახლების ეს პროცესი, წინასწარ გამიზნულ პოლიტიკას წარმოადგენდა და შემთხვევითობით არ იყო განპირობებული. სომხური მოსახლეობის საზღვრისპირა რაიონებში კომპაქტურად დასახლება, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით ანექსიას ითვალისწინებდა. ქართველთა მოდგმის დასამხობად XIX საუკუნიდან დაწყებული ეს შეფარვითი პროცესი, XX საუკუნეშიაც მძლავრობდა. ამ ფაქტებთან მიმართებაში ქართველი პოლიტიკოსები დუმდნენ, ხოლო რუსეთის ხელისუფლების მესვეურებთან ერთად, სომხური ბურჟუაზია ქართველთა საწინააღმდეგო საქმეს აკეთებდა. ამის შესანიშნავ მაგალითს თურქეთის მიერ 1915-1916 წლებში დარბეული სომხების დიდი ნაწილის (100 ათასი კაცი) საქართველოს ტერიტორიაზე განსახლების ფაქტები წარმოადგენს. ისიც საყურადღებოა, რომ თურქეთისაგან 1918 წელს დევნილი სომხური მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფარებდა თავს და რესპუბლიკას მძიმე ტვირთად აწვა.

ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით აქ ცხოვრობდა 307,018 სომეხი; 1939 წლის აღწერით კი - 414,182; 1959 წელს - 442,9; 1970 წელს - 452,3; 1979 წელს - 448,0; 1989 წელს - 437,2.

მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით, რომელიც საქართველოში ჩატარდა 2002 წელს, სომეხთა რაოდენობა აქ იყო 248,929 და მათ შორის 82,586 ცხოვრობდა თბილისში.

წყაროები:

- გ. მაისურაძე, საქართველოს სომხური მოსახლეობის ისტორიის საკითხები (IV-XVIII სს.), თბილისი 1999;
- შ. ვადაჭკორია, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები, თბილისი 2003, გვ. 289-290;
- შ. თეთვაძე, ო. თეთვაძე, სომხები საქართველოში, თბილისი 1998;
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 112-290;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.