ებრაელები
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ებრაელები განდევნილ იქნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოს უდიდესი ნაწილიდან და განსახლდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდნენ განადგურებისა და ასიმილაციის მუდმივი შიშით, მაგრამ ასეთ საფრთხეს არასდროს ჰქონია ადგილი საქართველოში. ანტიკური დროიდან ამ ქვეყანაში ეს ორი ხალხი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს ურთიერთპატივისცემით, ერთიანი გაგებით და ა.შ.
 
ლეგენდის მიხედვით, რომელიც შემოგვინახა ქართულმა საისტორიო წყარომ `ქართლის ცხოვრებამ~ (ქართველთა წმინდა წიგნი), როდესაც იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ელჩები ქრისტეს მოსალოდნელი დასჯის ცნობით, ორი ქართველი ებრაელი ელიოზ კარსნელი და ლონგინოზ მცხეთელი გაემგზავრნენ იერუსალიმს. ელიოზის დედა შეევედრა თავის შვილს არ მიეღო მონაწილეობა ამ ეშმაკისეულ საქმეში, რომელიც დანაშაულად ჩაითვლებოდა. როდესაც იერუსალიმში ქრისტე ჯვარს აცვეს, ლონგინოზის დედამ იგრძნო ეს ამბავი და გარდაიცვალა. ქართველი ებრაელები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და თან ჩამოიტანეს ღმერთის ტანსაცმელი (ტუნიკი). ელიოზის დამ იგი გულში ჩაიკრა და მაშინვე გარდაიცვალა. თქმულების მიხედვით, ეს ღმერთის მოსასხამი დამარხულია ელიოზის დასთან ერთად მცხეთის წმინდა მიწაში.
 
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ - მცხეთაში მომხდარი ამბის გამო - ქართველები არ მიიჩნევენ ებრაელებს ქრისტეს ჯვარცმაში მონაწილეებად. ამან და აგრეთვე ქართველი ხალხის შემწყნარებლობამ სხვა რელიგიებისა და ერების მიმართ განაპირობა, რომ ებრაელები საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ.
 
ებრაელები ქართველებს იცნობენ ანტიკური ხანიდან და პირიქით. ცნობილია, რომ საქართველოს შესწავლა იერუსალიმში ჩაისახა XII საუკუნეში, ხოლო ებრაული პრობლემატიკის შესწავლას საქართველოში ძველი ტრადიციები გააჩნია.
 
ქართული წყაროები ბიზანტიის იმპერიიდან ებრაელთა დასავლეთ საქართველოში ჩამოსვლას VI საუკუნეს მიაკუთვნებენ, ხოლო ებრაელთა უფრო ფართო მიგრაციას 3,000 კაცის რაოდენობით ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოში. ძველი ქართული საისტორიო ნაწარმოებები ებრაელთა პირველი ტალღის გამოჩენას უკავშირებენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობასა და განადგურებას. `ქართლის ცხოვრების~ მიხედვით, ამ მეფემ დაანგრია და გაანდაგურა იერუსალიმი და სწორედ მის მიერ დევნილი ებრაელები მოვიდნენ ქართლში. იერუსალიმის დაცემა მოხდა ძვ.წ. 586 წელს და ეს ის დროა, როდესაც ებრაელი დევნილები შემოვიდნენ ქართლში. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ იმიგრანტებმა მიმართეს მცხეთის გამგებელს მიეცა მათთვის დასახლების უფლება, რისთვისაც შესაბამის თანხას გადაიხდიდნენ. მცხეთის გამგებელმა გაუწოდა დახმარების ხელი ამ უმწეო ლტოლვილებს და `გამოჰყო მათთვის მდინარე არაგვის სანაპიროს ნაწილი, რომელსაც ერქვა ზანავი და გახდა მათი მიწა~. მოგვიანებით ეს ებრაელები გადავიდნენ ამ ადგილიდან სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, რომლებიც სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ. მოქცევაი ქართლის ქრონიკა ებრაელთა ამ დასახლებას მცხეთაში ათარიღებს ძვ.წ. 169 წლით.
 
ეჭვს არ იწვევს, რომ ელინისტურ ეპოქაში ქართლის ქალაქებში მცხეთასა და ურბნისში უკვე არსებობდა `ებრაული რეგიონები~, სადაც ებრაული მოსახლეობა ცხოვრობდა. ეს ის ადგილები იყო სადაც მათი ეთნიკური და რელიგიური კომუნები მდებარეობდა. ანტიკური დროიდან მოყოლებული იქ ებრაელები ინარჩუნებდნენ თავიანთ საკულტო ცენტრებს, ეგრეთ წოდებულ `ებრაულ საკურთხევლებს~, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც პირველი სინაგოგები. შესაძლოა მღვდელი აბიატარი, რომელიც მოიხსენიება წმინდა ნინოს ცხოვრებაში, ქრისტიანული სარწმუნოების მიღებამდე იყო ამ `ებრაული საკურთხევლის~ მსახური და იუდაიზმის მიმდევარი. ძველი ებრაული კომუნების არსებობის კვალი შეინიშნება ქართლში აღმოჩენილ ებრაულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში.
 
აშკარაა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ებრაულმა მოსახლეობამ თავიდანვე ისწავლა ქართული ენა, აითვისა აგრეთვე ქართული ხალხური რიტუალები, ადგილობრივი ხალხური ჩვევები და ტრადიციები. ამავე დროს ისინი რჩებოდნენ ლოიალურად განწყობილი იუდაიზმისადმი. ებრაელები შრომობდნენ და იბრძოდნენ ქართველთა მხარდამხარ, ვინაიდან საქართველო მათ მეორე სამშობლოდ გადაიქცა. ამიტომ ისინი მოღვაწეობდნენ და ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის ისევე როგორც ქართველები. ქართველებსა და ებრაელებს ჰქონდათ ერთნაირი უფლებები და სამართლებრივი თანაფარდობა, რომლებიც მათ შორის არასოდეს დარღვეულა.
 
1800 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 3,3 ათასი ებრაელი; 1832 წელს - 4,0; 1865 წელს - 7,8; 1886 წელს - 11,7; 1897 წელს - 17,2; 1926 წელს - 30,115; 1939 წელს - 42,480; 1959 წელს - 51,6; 1970 წელს - 55,4; 1979 წელს - 28,3; 1989 წელს - 24,8.
 
1897 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით 6,407 ებრაელი თავის მშობლიურ ენად ქართულს მიიჩნევდა. 1926 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა 21,471 ქართველი ებრაელი.
 
1959 წლის მოსახლეობის აღწერის შესაბამისად 35,673 ებრაელი თავის მშობლიურ ენად თვლიდა ქართულს. 1959 და 1970 წლების მოსახლეობის აღწერების მონაცემების მიხედვით საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველი ებრაელების რიცხვმა 1970 წელს მიაღწია 43,000. მათგან დაახლოებით 70% მომდევნო დეკადაში ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.
 
1979 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით 10,000 ებრაელი თავის მშობლიურ ენად ქართულს მიიჩნევდა. იყვნენ ისეთი ქართველი ებრაელებიც, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს როგორც ქართველებმა და არა ებრაელებმა, მაგრამ მათი რიცხვის დადგენა ვერ ხერხდება. ქართველი ებრაელები უმეტესად ცხოვრობდნენ თბილისში, ქუთაისში, კულაშში, ცხინვალში, გორში, ონში, საჩხერეში, სენაკში, ზუგდიდში, აგრეთვე საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში. იხ. 'ქართველ ებრაელთა გვარები'.
 
საბჭოური აღწერის მიხედვით 1979 წელს იყო 28,300 ებრაელი, ხოლო 1989 წელს - 24,800. ამ უკანასკნელიდან 14,300 იყო ქართველი ებრაელი რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები იმის მიუხედავად, რომ საუბრობდნენ თავიანთ მასპინძლების ენაზე. 1991 წლის ბოლოსათვის საქართველოში ცხოვრობდა 21,700 ებრაელი.
 
1989 წელს ემიგრაციაში წავიდა 488 ებრაელი. 1990 წელს ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად 1,603 ებრაელი, მათ შორის თბილისიდან - 911. ეკონომიკურად და სოციალურად ქართველი ებრაელები კარგად იყვნენ ინტეგრირებული საქართველოს მოსახლეობასთან. სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში მცხოვრებ ებრაელებთან შედარებით ქართველი ებრაელები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ემიგრაციაში წასასვლელად.
 
1993 წლის დასასრულისათვის საქართველოში ცხოვრობდა 14,500 ებრაელი. საქართველოდან ისრაელში ებრაელთა იმიგრაცია იყო მაღალი: 1992 წელს საქართველოდან ისრაელში წავიდა - 2,595 კაცი, ხოლო 1993 წელს - 3,750. ებრაელთა იმიგრაციამ საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეადგინა 1992 წელს 305 კაცი, ხოლო 1993 წელს - 345.
 

წყაროები:

 
_ მ.ლორთქიფანიძე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები (ინგლისურად); თბილისი 1994, გვ.3-4;
_ რ.მეტრეველი, ებრაელები საქართველოში, თბილისი 2002, გვ.26-31;