ვეძებთ გრანტს

მზადდება გენეალოგიური ენციკლოპედიის შექმნის ახალი ვერსია, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

 

 

აფხაზეთის სახელმწიფო არქივების დოკუმენტური მემკვიდრეობის აღდგენა

აღდგენა ისტორიისა – ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან.
ილია ჭავჭავაძე

კოორდინატორი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო ხუციშვილი

პრობლემის მოკლე მიმოხილვა

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველები და აფხაზები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ საქართველოში, მაგრამ 1992 წელს მათ შორის დაიწყო მკაცრი სამხედრო კონფლიქტი.გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მართებული აზრით, “ომი აფხაზეთში არ წარმოადგენს ომს ქართველებსა და აფხაზებს შორის.იგი არის მმართველი აფსუა ელიტის ომი,რომლის უკან დგანან რუსეთის რეაქციული წრეები” (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ინგლისური გამოცემა, თბ., 1994, გვ. 209).
ჩვენ სარწმუნოდ ვართ ინფორმირებული, რომ აღნიშნული ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა აფხაზეთის სახელმწიფო არქივები და მისი დოკუმენტური ფონდები(საქართველოს არქივები,ცნობარი,თბ.2000,გვ.69). აფხაზეთის დედაქალაქის არქივისტების გადმოცემით 1992 წელს სოხუმის ცენტრალური სახელმწიფო არქივი მთლიანად დაინგრა და მისი საარქივო დოკუმენტები ცეცხლმა სულ გაანადგურა.ამ საარქივო დოკუმენტების ევაკუირება შეუძლებლი იყო, ერთი მხრივ თვით პრობლემის მასშტაბის, ხოლო მეორე მხრივ ტრანსპორტზე თავდასხმის მოსალოდნელი საშიშროების გამო.
ამრიგად, აფხაზეთში მიმდინარე მკაცრმა სამხედრო კონფლიქტმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ჩვენი ერის წერილობითი დოკუმენტური მემკვიდრეობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
აფხაზეთის საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს ექვემდებარებოდა როგორც სოხუმის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, დაარსებული 1929 წელს, ასევე: გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რაიონული სახელმწიფო არქივები. სოხუმში მდებარე ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული იყო დოკუმენტები დათარიღებული 1840 წლიდან 1990 წლამდე. ეს არქივი ინახავდა წერილობით და ფოტო მასალას, რომლებიც შეიცავდნენ ისტორიულ აქტებს, სახელმწიფო, ინდუსტრიული გაერთიანებების, სამხედრო ნაწილების, ქარხნების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე პირადი წარმოშობის ფონდებს და სხვა. ამ არქივის 679 ფონდში დაცული იყო 176 000 შესანახი ერთეული.


პროექტის მიზნები და ამოცანები

წინამდებარე პროექტის უშუალო მიზანია საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივების დოკუმენტებიდან ასლების გადაღების გზით აღვადგინოთ-შესაძლებლობის ფარგლებში- აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მასალები. საქრათველოს მდიდარ საარქივო ფონდებში არსებობს სხვადასხვა სახის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს აფხაზეთის ისტორიისა შესახებ.ეს საარქივო ჩანაწერები წარმოადგენენ შეუდარებელ წყაროს არა მხოლოდ აფხაზეთის განადგურებული საარქივო ფონდების აღსადგენად, არმედ საშუალებას გვაძლევენ ვიფიქროთ თვით სოხუმის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ხელახლად დაარსებაზე მომავალში.
ზემოაღნიშნული მიზნების მნიშვნელობის უკეთ აღსათქმელად, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ დაახლოებით ათი წლის წინათ ასეთი სახის სამუშაო განახორციელა რუსეთის სახელმწიფო საარქივო სამსახურმა. ამ ღონისძიების შესახებ 1996 წელს პეკინში გამართულ არქივების XIII საერთაშორისო კონგრესზე რუსეთის ფედერაციის არქივების ოფიციალური წარმომადგენელი ვ. ტარასოვი აღნიშნავდა: ”ასეთი თანამშრომლობის ეფექტურობის (იგულისხმება არქივების გადარჩენის საერთაშორისო ღონისძიებები - რ.ხ.) გამოსახულებაა აფხაზეთის საისტორიო არქივის ფონდების აღდგენის მცდელობა, რომლებიც თითქმის მთლიანად გაანადგურა ხანძარმა 1992 წლის ოქტომბერში. აფხაზეთის არქივების ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა რუსეთის სახელმწიფო საარქივო სამსახურს ნაწილობრივ მაინც აღედგინა ხანძრით განადგურებული ეს ფონდები. საპასუხოდ,რუსეთის საარქივო ფედერალურმა ინსტიტუტებმა გამოავლინეს მათ ფონდებში დაცული საარქივო მასალები,რომლებიც ეხებოდა აფხაზეთს.ასეთი დოკუმენტები არსებობდნენ ფაქტიურად რუსეთის ყველა ფედერალურ არქივებსა თუ დოკუმენტების ცენტრებში.ამ მასალების ასლების გადაღება და გადაცემის უზრუნველყოფა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აფხაზეთის საარქივო ფონდების ნაწილობრივ მაინც აღსადგენად.აგრეთვე,აფხაზ არქივისტებს გაეწიათ სათანადო მეცნიერული და მეთოდოლოგიური დახმარება დოკუმენტების აფხაზეთში გადასატანათ” (‘არქივუმ’, ტ. XLIII, მიუნხენი 1997, გვ. 95).

ეს ციტატი გვიჩვენებს და გვაფიქრებინებს,რომ ასეთი სამუშაოს ჩატარება აუცილებელია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივებშიც, ვინაიდან აქ არის გაცილებით მდიდარი და სარწმუნო დოკუმენტები აფხაზეთის ისტორიის შესახებ. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია აფხაზეთის სახელმწიფო არქივები ქართული საისტორიო წყაროების გარეშე, რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ამ განუყოფელ ნაწილს. აგრეთვე მიგვაჩნია,რომ ასეთი სამუშაოების ჩატარება თვით აფხაზთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. ეს საარქივო დოკუმენტები გამოყენებული იქნება აფხაზეთში დაბრუნებული მოქალაქეების გენეალოგიური, სოციალურ-უფლებრივი მდგომარეობის აღსადგენად, კერძოდ, დაბადება-გარდაცვალების, საკუთრების, სამუშაო სტაჟის და ა. შ. დასადგენად.
ზემოდასახელებული საქმიანობის განსახორციელებლად პროექტის პერსონალი უპირველეს მიზნად ისახავს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივებში საარქივო ფონდების გამოვლენას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელ საარქივო ფონდებშია შესაძლებელი აფხაზეთის ისტორიის შესახებ ინფორმაციის მოძიება. აუცილებელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ფონდების კლასიფიკაცია,რომელთა წინასწარი ანალიზის გარეშე საქმე გართულდება და იქნება შეუსაბამო.

მეორე ამოცანაა საარქივო საქმეების და შესაბამისად მასში არსებული დოკუმენტების დეფინიცია, ვინაიდან არ არსებობს ზუსტი განსაზღვრებები ან რეგულაციები ამ საარქივო ფონდებში.ვფიქრობთ ამ სამუშაოებისთვის არსებობს სამი გზა:
1.შესწავლილ იქნეს სხვადასხვა საარქივო დოკუმენტთა რიგები, ვინაიდან დადგინდეს მათი ღირებულება აფხაზეთის ისტორიისათვის;
2.ამ თემაზე შედგეს საქმეთა აღწერილობები, რათა განვასხვავოთ ისინი სხვა დანარჩენი დოკუმენტებისაგან;
3.მოხდეს დოკუმენტების დასათაურება, ვინაიდან იგი მრავალ მათგანს საერთოდ არ გააჩნია, ხოლო არსებობის შემთხვევაში შეუსაბამოა ან არასრულყოფილი;

მესამე მნიშვნელოვან ამოცანას შეადგენს აფხაზეთის ისტორიის ამსახველი საარქივო დოკუმენტების თემატურად და ქრონოლოგიურად დალაგება. საქმე ის არის, რომ თემატიკა, ქრონოლოგია და პერიოდიზაცია საარქივო აღწერილობების შედგენის ‘პურსა და კარაქს’ წარმოადგენენ.

მეოთხე ამოცანაა ყველა გამოვლენილი დოკუმენტის ასლის გადაღება, შემდეგ მათი აკინძვა და სპეციალურ საარქივო ყუთებში მოთავსება, რათა ისინი სათანადო საარქივო წესების დაცვით დროებით შევინახოთ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო არქივების საცავში(თბილისში), ვიდრე ეს ფონდები აფხაზეთს დაუბრუნდება. ვფიქრობთ, ეს ბოლო ღონისძიება შესაძლებელი გახდება აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებისა და იქ ცენტრალური სახელმწიფო არქივის აღდგენის შემდეგ.

დასასრულ. ამ პროექტის განსახორციელებლად ჩვენ გვესაჭიროება ფინანსური დახმარება ე. წ. გრანტი.

პროექტის პერსონალი, ბიუჯეტი და ვადები

პროექტის კოორდინატორი, პროფესორი რ. ხუციშვილი -----------$400 X 12
კონსულტანტი უნივერსიტეტიდან, პროფესორი გ. შენგელია -----$350 X 12
მკვლევარი აფხაზეთის არქივიდან ნ. ბერულავა ----------------------$200 X 12
ანაწერების მთარგმნელი ------------------------------------------------------$1.000
კომპიუტერის სპეციალისტი -------------------------------------------------$600
ასლების გადაღება---------------------------------------------------------------$1.000
საარქივო ყუთების წარმოება -------------------------------------------------$500
კომპიუტერის შეძენა -----------------------------------------------------------$1.000
                             სულ პროექტის ღირებულებაა ------------------- $ 14.300

ასეთი შემადგენლობის, ტექნიკის და ზემოთ მოცემული ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში, წინამდებარე პროექტი განხორციელდება ერთ წელიწადში.