სასისხლო სიგელები
სასისხლო სიგელები წარმოადგენენ შუასაუკუნეების ქართულ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებშიც მოცემულია საყურადღებო ინფორმაცია ქართული გვარ-სახელების შესახებ. იმ  დროის ქართული იურიდიული ტერმინოლოგიით ‘სისხლი’ ეწოდებოდა ისეთ ქონებრივ ან ფულად საზღაურს, რომელიც დამნაშავეს დაზარალებული გვარისთვის უნდა გადაეხადა ამა თუ იმ მიყენებული ზიანისათვის. ეს დოკუმენტები გარკვეულ დახმარებას გაუწევს გენეალოგებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს გამოიკვლიონ წინაპართა ცხოვრების თარიღები, გვარები, ცხოვრების ადგილი, სოციალური სტატუსი, პრივილეგიები, საკუთრება და ა. შ.  
 
აღნიშნული სიგელები ძირითადად იქმნებოდა 1251-1675 წწ., მაგრამ, როგორც ამ დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილის გამომცემელი, პროფესორი სარგის კაკაბაძე შენიშნავდა, ამ სახის ყველაზე ძველი დოკუმენტი ავშანდაძეთა სასისხლო სიგელი უნდა იყოს, რომელიც შესაძლოა დათარიღდეს 957-967 წლებით. სასისხლო სიგელები გამოაქვეყნეს აგრეთვე სხვა ცნობილმა ისტორიკოსებმაც (ე. თაყაიშვილი, თ. ჟორდანია და სხვ.). აღნიშნული დოკუმენტების ანოტაციები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.  
 
განმარტებები:
 
ცხუმური, კირმანეული, თეთრი და გოგაური – ძველი ქართული ფულის ერთეულები
 
სანახშირო – გვარის წევრის სიკვდილით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ჯარიმა
 
 
 
 
 
·         სასისხლო სიგელი ნიქაბაძეთა (მიქაბაძე), ბოძებული აფხაზთა მეფის დავით ნარინის მიერ დაახლოებით 1251 წელს. ნიქაბაძენი იხსენიებიან როგორც “გელათისა წინა მდეგი და ყმანი”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: მოვარდუკაძე, მორჩიაშვილი [ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 2-5]
 
·         იმავე ნიქაბაძეთა (მიქაბაძე) სასისხლო სიგელი ბოძებული აფხაზ-იმერეთის მეფის გიორგის მიერ დაახლოებით 1325 წელს. ნიქაბაძე აქ მოხსენიებულია ჩხეტიძის ყმად. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: ჩხეტიძე, ხევანიძე [ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 5-7] 
 
·         მიქელ აფხაზ-იმერეთის მეფე 1325-1326 წწ. ამტკიცებს მიქელაძის (მიქელაძე) ძველ სასისხლოს 80 ათას ძველ კირმანეულს თეთრს, სანახშიროდ 6 ათასს. ამ თანხის სათვალავში გოგიტაშვილმა (გოგიტაშვილი) მიქელაძეს მისცა “რვა ტანი აბჯარი მისითა მოწყობილობითა, მისცა შვიდი გლეხი მას, ცხენი და აბჯარი უთვალავი”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: ჭარელიძე, გოგოტაშვილი (გოგიტაშვილი), კახაბერიძე, მხეციძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 33-34]
 
·         გელაძის (გელაძე) სასისხლო სიგელი, მიცემული დავით მეფის მიერ (XIV-XV სს.). ამ გვარის ერთი წევრის მკვლელმა გადაიხადა სისხლი 80 ათასი კირმანეული. ამ თანხის ანგარიშში მან “დადვა თორმეტი გლეხი, მისცა აბჯარი სიმრავლე, ცხენი სიმრავლე, ნაქსოვი და ხვასტაგი სიმრავლე, რითაც ვერ ამოუვიდა, აპატივა საყდარსა და მეფესა და დარბაისელთა საყდრის შვილთა”. სიგელში მოხსენიებულია გვარი დავლაძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 34-35]
 
·         ცირღილასძეთა (ცირღილაძე) სასისხლო სიგელი, მიცემული საქართველოს მეფის კონსტანტინეს მიერ 1408 წ. 4 ივნისს. “მიუბოძეთ (გენათის მეღვინეთუხუცესს ცირღილასძეს) ახლად ძუელი იგივე სისხლი პაპ(ა)თა ჩუენგან გაჩენილი ასოცი ათასი ძველი თეთრი მისითა დასამსმელო სანახშიროთა”- ნათქვამია სიგელში [ს. კაკაბაძე, გენეალოგია დიდის ალექსანდრე მეფისა, ტფ. 1913, გვ. 4-6; ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი III, გვ. 434-435]
 
·         სასისხლო სიგელი ყიფიანთა (ყიფიანი), მიცემული ბაგრატ მეფის მიერ XV საუკუნეში. ყიფიანთა სასისხლო “საყდრიშვილობით” გაჩენილია “ოთხმოცი ათასი გოგაური [გიორგაული- ს. კ.] თეთრი, ოცი ცხენი, სამი ქორი მისით ბაზიერითა და მეძებრითა”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: წერეთელი, ლორთქიფანიძე, ყაენაძე, კახაბერიძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 398-399]
 
·         XV ს. დასაწყისში აფხაზ-იმერეთის მეფის ბაგრატის მიერ მიცემული სასისხლო სიგელი გირგალიძეთა. გირგალიძე დასახელებულია მეღვინეთხუცესად, მისი სასისხლო ნაჩვენებია 200 ათასი თეთრი ყაზნაური (სიც), “საზ(ა)ოდ შესამყრელოდ” 6 ათასი, სანახშიროდ 15 ათასი [ს. კაკაბაძე, კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, გვ. 1-3]
 
·         კოტრიძეთა (კონტრიძე, კოტრიკაძე?) სასისხლო სიგელი, ბოძებული აფხაზ-იმერეთის მეფე ვახტანგის მიერ 1432 წელს. სიგელი მიცემულია ჭარულიძეების მიერ აბესალომ კოტრიძის მოკვლის გამო [ს. კაკაბაძე, ვახტანგ, უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი, გვ. 9-11]
 
·         გელოვანის, სვანთა ერისთავის, სასისხლო სიგელი (XV ს.), მიცემული ბაგრატ მეფის, მისი თანამეცხედრის ელენესი და ძის ვახტანგის სახელით. სასისხლო – ორი ათასი კირმანეული თეთრი... “სანახშირე ორმოცი ათასი, საპირო და საზაო თორმეტი ათასი” და სხვ. [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 514-515]