ქისტები

ქისტები საქართველოში

ქისტები, საქართველოსა და მის მოსაზღვრედ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ვეინახთა სახელწოდებაა. ისინი ლაპარაკობენ ჩაჩნურ-ინგუშური ენების ქისტურ დიალექტზე.

ქისტების საქართველოში (კახეთში) გადმოსახლება დაიწყო XVII საუკუნიდან და XIX საუკუნის 60 -იან წლებამდე გაგრძელდა. მათი ეროვნული ნიშნებია: ენა, სარწმუნოება (ისლამი), მატერიალური კულტურის ელემენტები ძირითადად შენარჩუნებული აქვთ კომპაქტურ დასახლებებში - პანკისის ხეობის სოფლებში. ქისტები მშობლიურ ენასთან ერთად ფლობენ ქართულ ენას. პანკისის ხეობის ქისტური მოსახლეობის ყოფაში ძლიერ იგრძნობა ქართული მატერიალური კულტურის გავლენა. ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებენ. ზოგ ოჯახში ლაპარაკობენ ქისტური დიალექტისა და ქართულის შერევით მიღებულ ჟარგონზე. მისდევენ სოფლის მეურნეობის ადგილობრივად გავრცელებულ სახეებს, ასევე ტრადიციულ ხელოსნობას, საფენი და წამოსასხამი ნაბდების, ქუდების დამზადებას და ა.შ.

ცნობილია, რომ პანკისის საერისთავო ძველი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო და მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თუშეთს. ცენტრი - პანკისის ციხე. პანკისის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა აღმოსავლეთ საქართველოში. ვარაუდობენ, რომ პანკისის ციხის ნაშთია პანკისის ხეობაში სალაწნისა და მაღრანის ხევების მთაზე (ახმეტის რაიონი) შემორჩენილი ნანგრევები.

წყაროებში პანკისის ერისთავი პირველად XI საუკუნის შუა წლებში მოიხსენება. ვახუშტი ბაგრატიონი კახეთის სამ სამთავროს ასახელებს. სწორედ მესამე საერისთავოდ მეცნიერის მიერ დასახელებულია საერისთავო `პანკისისა ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღურის ზეითი კავკასიამდე და კახეთის მთამდე დუშეთითურთ~.

მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ მცხოვრებთა სოფლები. ქისტები დასახლდნენ იქ დაახლოებით 120 წლის წინათ. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდ. ალაზნის გასწვრივ სამი დიდი სოფელი: დუი-სოფელი, ჯოყოლა და ომალო, 60-დან 120 კომლამდე თითოეულში და სამი ახალშენი: ხოროჯა, ჩხატანა და ქართაბუდე, 6-დან 12 კომლამდე თითოეულში. ამ ეროვნების დანარჩენი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი თიანეთის მაზრის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მთიელთა რესპუბლიკის საზღვართან.

პანკისის ხეობაში ქისტების სოფლები განლაგებულია ისეთნაირად, რომ მათ უკავიათ გასასვლელი ხეობიდან ველისაკენ. ქისტები მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, სისხლის აღება და შუასაუკუნეების სხვა ჩვეულებები მათში არსებობს დღესაც, 

2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7,110 ქისტი.

წყაროები:

- გ. შენგელია, რა მამულები გვქონია აქეთ, ჟურნ. \"პოლიტიკა\", 2001, #3, გვ.60-61;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.