უკრაინელები, ბელორუსები

უკრაინელები და ბელორუსები საქართველოში

რუსების, უკრაინელების და ბელორუსების ჩამოსახლება საქართველოში დაახლოებით ერთნაირ პირობებში მიმდინარეობდა. მათი დამკვიდრება ჩვენში დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ. თავდაპირველად თბილისში და რიგ სხვა ქალაქში განლაგდნენ სამხედრო ნაწილები. დასაწყისში ძირითადად სამხედრო პირები განაგებდნენ ადმინისტრაციულ დაწესებულებებს, შემდგომში კი შეიქმნა სამოქალაქო მმართველობა რუსული პერსონალით. XIX საუკუნის მანძილზე და XX საუკუნის დასაწყისში რუსების, უკრაინელების და ბელორუსების საქართველოში ჩამოსახლების გზები შემდეგნაირად წარმოგვიდგება.

აქ მოდიოდნენ სამხედრო და სამოქალაქო მოხელეები, რომელთა მეტი ნაწილი დამკვიდრდა უპირატესად საქალაქო დასახლებებში. კაპიტალიზმის პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო რუსებისა და უკრაინელების სტიქიური ინდივიდუალური ჩასახლებანი - მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების - კულტურის მოღვაწეების, მუშების, ვაჭრების, გლეხების და სხვ. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, ლიტერატორები, მეცნიერები, მსახიობები და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები. ბევრად გაძლიერდა რუსების, უკრაინელების ჩამოსახლება საქართველოში ომამდელი ხუთწლედების მანძილზე, როცა მაღალი ტემპებით ვითარდებოდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობა და დიდად გაიზარდა მოთხოვნილება მუშახელზე. აღსანიშნავია, რომ რევოლუციამდელ პერიოდში ჩამოსახლებულ რუსებს შორის დიდად ჭარბობდნენ გლეხები და საზოგადოების პრივილეგიური ფენის წარმომადგენლები, საბჭოთა პერიოდში კი მათი ძირითადი ნაწილი მრეწველობისა და მშენებლობის მუშაკებისაგან შედგებოდა; ამასთან დაკავშირებით მოსულთა უმეტესობა ქალაქებში სახლდებოდა; 1970 წლის მონაცემებით საქართველოში მცხოვრები რუსებისა და უკრაინელების 82,8% ცხოვრობდა ქალაქებში.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა გარე მიგრაციული პროცესების მიმართულება. პირველ რიგში ეს შეეხება რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს. უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე რესპუბლიკაში მცირდება მათი როგორც აბსოლუტური, ისე ფარდობითი რაოდენობა. 20 წლის განმავლობაში (1959-1979წწ.) ერთად აღებული რუსებისა და უკრაინელების რაოდენობა შემცირდა 43,5 ათასით ანუ 9,5%-ით; იმავე პერიოდში მათი ხვედრითი წონა საქართველოს მთელ მოსახლეობაში შემცირდა 11,3-დან 8,3%-მდე. მაგრამ თუ ავიღებთ ხანგრძლივ პერიოდს - საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებიდან ჩვენი საუკუნის 80-იან წლებამდე (1926-1979 წწ.), ერთად აღებული რუსებისა და უკრაინელების რაოდენობა საქართველოში გადიდდა 110,4 ათასიდან 416,6 ათასამდე ანუ თითქმის ოთხჯერ.

ყველაზე მეტი რაოდენობით რუსები და უკრაინელები ცხოვრობდნენ თბილისში. 1979 წლის აღწერით დედაქალაქში იყო 129,1 ათასი რუსი და 12,6 ათასი უკრაინელი. შესაბამისი მაჩვენებლები სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში ასეთია (ათასობით): რუსთავში - 23,1 და 4,4; ქუთაისში - 12,9 და 1,5; სოხუმში 28,6 და 3,7; ბათუმში - 24,8 და 3,6; ფოთში - 11,5 და 1,7.

2002 წლის აღწერით კი საქართველოში ცხოვრობდა 67,671 რუსი და 7,039 უკრაინელი.

წყაროები:

- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XIX საუკუნეებში, თბილისი 1984, გვ.229-231;
- ნ. ზაქარაიძე, სლავური მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა და სტრუქტურა საქართველოში (XIX-XX სს.), ჟურნ. "დემოგრაფია", 2001, 1 (3), გვ. 114-119;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.