აზერბაიჯანელები საქართველოში
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაპრები თითქმის მთლიანად სპარსეთიდან და თურქეთიდან მოვიდნენ გვიან ფეოდალურ ეპოქაში. მათი ჩამოსახლება გარეშე აგრესიული ძალების სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და მიზნად ისახავდა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციების კოლონიზაციას. საქართველოზე გამუდმებული თავდასხმების შედეგად ირანელი და თურქი დამპყრობლები ხშირად მიმართავდნენ თურქული ტომების ჩამოსახლებას იმ მიწებზე, რომლებიც მანამდე ქართველ მოსახლეობას ეკავა. ახალი დასახლებანი თანდათან იკავებდნენ გაუკაცრიელებულ ქართულ სოფლებს. ამ სოფლების მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი მტერს შეეწირა უთანასწორო ბრძოლაში ან ტყვედ იქნა წაყვანილი უცხოეთში; გადარჩენილნი კი იძულებული იყვნენ თავი შეეფარებინათ სამშობლოს სხვა კუთხეებში.
 
ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ მოგვითხრობს ვახუშტი ბაგრატიონი: როდესაც შაჰ-აბასმა წაართვა აღჯაყალად წოდებული ციხე (თეთრი ციხე) მეფე გიორგის (1600-1605 წწ.), `მან მოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ~. იმავ შაჰ-აბასმა XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ათეული ათასობით ქართველი გადაასახლა კახეთიდან სპარსეთში. სხვადასხვა ხასიათის სამხედრო-პოლიტიკური აქციების შედეგად იშვიათი როდი იყო საქართველოს ტერიტორიაზე არაქართველთა ჩამოსახლების შემთხვევები. მოსულთა ნაწილი ითქვიფებოდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში და განიცდიდა ასიმილაციას, ნაწილი კი ინარჩუნებდა თავის ეროვნებას.
 
დანარჩენი არაქართველი მოსახლეობისაგან, აზერბაიჯანელებს შორის XIX-XXსს. არ ჰქონია ადგილი მნიშვნელოვან მიგრაციას. მხოლოდ უკანასკნელ ხანებში მიდის მათი ახალგაზრდობა მეზობელი აზერბაიჯანის ქალაქებში (უპირატესად ბაქოში) უმაღლესი განათლების მისაღებად. აზერბაიჯანელი მოსახლეობა შედარებით ნელა იმატებდა რევოლუციამდელ პერიოდში და ომამდელი ხუთწლედების მანძილზე. რაც შეეხება გასული საუკუნის მეორე ნახევარს, ამ პერიოდში კი აზერბაიჯანელების რაოდენობა ძალზე დაჩქარებულად იზრდება, უსწრებს რა მატების ტემპებით საქართველოს მოსახლეობის ყველა დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელთა რიცხოვნობა იზრდება მთლიანად ბუნებრივი მატების შედეგად. ამ მაჩვენებლით ისინი ბევრად უსწრებენ წინ საშუალო რესპუბლიკურ მონაცემს. საკმარისია აღინიშნოს, რომ 20 წლის მანძილზე (1959-1979წწ.) საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 24%-ით, აზერბაიჯანელების კი 66%-ით, ანუ მათი საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 2,66%-ს. ეს მაშინ, როცა აღნიშნულ პერიოდში გარე მიგრაციულ პროცესებს აზერბაიჯანელებს შორის, მართალია სუსტად გამოსახული, მაგრამ მაინც უარყოფითი სალდო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არ ხდება აზერბაიჯანელების ასიმილაცია სხვა ხალხებთან.
 
რუსებისა და სომხებისაგან განსხვავებით, საქართველოში დამკვიდრებული აზერბაიჯანელების მეტი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. 1970 წელს რესპუბლიკის ქალაქებში ცხოვრობდა მათი საერთო რაოდენობის 18,2%. 1979წ. თბილისში ცხოვრობდა 12,9 ათასი აზერბაიჯანელი, რუსთავში - 7,4 ათასი. აზერბაიჯანელები შეადგენდნენ ქვემო ქართლის სოფლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს (მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის რაიონებში). მათი განსახლების მეორე არეალია კახეთი - საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის რაიონების ტერიტორია. აზერბაიჯანული სოფლები არსებობს შიდა ქართლში - კასპის, მცხეთის და ქარელის რაიონებში, აგრეთვე თრიალეთში და თეთრიწყაროს რაიონში. რესპუბლიკის დანარჩენ რეგიონებში აზერბაიჯანელების რაოდენობა შედარებით უმნიშვნელოა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               დამახასიათებელია, რომ საქართველოში ბევრად მეტია მათი რაოდენობა, ვინც დედაენად აზერბაიჯანულს აღიარებს, ვიდრე თვით ამ ეროვნების მოსახლეობა. თურქეთიდან ჩამოსახლებული დაახლოებით 27 ათასი ბერძენი დედაენად თვლის აზერბაიჯანულს. თურქების გარემოცვაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრების შედეგად ბერძნების ამ ნაწილმა, რომლებსაც ურუმებს უწოდებდნენ და ამჟამად თრიალეთში ცხოვრობენ, დაკარგა თავისი ენა და შეითვისა აზერბნაიჯანული.
 
1865 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 51,5 აზერბაიჯანელი; 1886 წელს - 62,6; 1897 წელს - 81,1.
 
ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში იყო 143,951 აზერბაიჯანელი; 1939 წლის აღწერით კი 187,621; 1959 წელს - 153,6; 1970 წელს - 217,8; 1979 - 255,7; 1989 წელს - 307,5.
 
ბოლო 2002 წლის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 284,761 აზერბაიჯანელი, მათ შორის თბილისში - 10,942.
 

წყაროები:

 
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XIX საუკუნეებში, თბილისი 1984, გვ.231-232;
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 112-290;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.