ბერძნები
ბერძენთა მნიშვნელოვანი მოსახლეობის არსებობა საქართველოში თითქოს რამდენადმე აგრძელებს ბერძნულ-ქართული ურთიერთობების იმ ტრადიციას, რომელიც თავისი წარმოშობით უხსოვარ დროებამდე ადის და ალბათ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა კონტაქტების ისტორიაში თავისი ხანგრძლივობითა და ინტენსიურობით სრულიად განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს.
 
მაგრამ საქართველოს ბერძნული მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას ვერ მივიჩნევთ ვერც საქართველოში მოსულ უძველეს ბერძენ კოლონისტთა უშუალო შთამომავლებად, ვერც ბიზანტიელ მისიონერთა და ოსტატთა მემკვიდრეებად. ისინი ჩვენში ძირითადად XIX-XX საუკუნეების განმავლობაში გადმოსახლდნენ იმ რეგიონებიდან, სადაც ე.წ. პონტოს ანუ პონტოელი ბერძნები მოსახლეობდნენ.
 
პონტოელ ბერძნებს ელინთა შორის მეტად გამორჩეული ადგილი უჭირავთ. მათ პონტოელები ეწოდებათ იმიტომ, რომ ისინი უკვე ანტიკური ხანიდან მოყოლებული მოსახლეობდნენ კომპაქტურ მასებად თურქეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შავიზღვისპირა რაიონში - პონტოში - ვიდრე XIX-XX საუკუნეებამდე. მათ ეჭირათ მრავალრიცხოვანი დასახლებები აღმოსავლეთით რიზეს და დასავლეთით გირუსუნს შორის. ამ არეალის ყველაზე ცნობილი ცენტრები იყო ტრაპიზონი, ოენოე, სამსუნი (ძვ. ამისოსი) და გუმუშხანე (ძვ. არგირუპოლისი). როგორც სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, თავის დროზე ყოფილა 102 ელინოფონური დასახლება პონტოს რაიონში. მართალია, ამავე რეგიონში სხვა ხალხებიც მოსახლეობდნენ, პირველ რიგში კი ქართველურენოვანი ტომები, უპირატესად ლაზები, რომელნიც ამ ტერიტორიაზე ჭეშმარიტ ავტოხთონებად გვევლინებიან, მაგრამ ოტომანთა იმპერიის საბუთების მიხედვით ბერძნულენოვანი მოსახლეობა პონტოს რეგიონში ყველაზე მრავალრიცხოვანი ყოფილა.
 
უახლესი მონაცემებით პონტოს ე.წ. ბერძნულენოვანი მოსახლეობა ჯერ კიდევ 1922 წლამდე დაახლოებით 700,000 ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც დანარჩენი 500,000 უკვე გადასახლებული იყო თურქეთიდან ძირითადად რუსეთსა და საქართველოში, ასევე აშშ-ში XIX საუკუნის განმავლობაში, ხოლო 257,000-მდე პონტოელი ბერძენი დაიღუპა მათი დევნის პერიოდში თურქეთში. ლოზანაში 1923 წლის 30 იანვარს თურქეთსა და საბერძნეთს შორის დადებული ხელშეკრულების შემდგომ, 400,000-მდე პონტოელი ბერძენი აიყარა პონტოს რეგიონიდან და გადასახლდა. მათი უმეტესობა დამკვიდრდა მაკედონიაში.
 
საკმაოდ დამოუკიდებელი პოზიცია უჭირავს პონტოურ დიალექტს თანამედროვე ბერძნულის დიალექტშა შორის. ზოგნი მას ცალკე ენადაც კი განიხილავენ. მან ძველი ბერძნულის ზოგიერთი ისეთი ნიშანი დაიტოვა, რომელიც დღეს ბერძნულ დიალექტებში აღარ გვხვდება.
 
პონტოელი ბერძნები, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობდნენ იმ რეგიონებში, სადაც მათ ისტორიულად ურთიერთობა ჰქონდათ სხვადასხვა ხალხებთან, პირველ რიგში კი ქართველურ ტომებთან. ამ ურთიერთობების შედეგი უნდა იყოს არა მარტო ცალკეული ენობრივი ელემენტები, რომელნიც, ერთის მხრივ, თურქეთის ლაზური მოსახლეობის ენაში პონტოური დიალექტის გავლენის კვალს ასახავენ და, მეორეს მხრივ, პონტოურში ქართველურისას, არამედ მოსახლეობის შერევის პროცესიც. როგორც ჩანს, მართლმადიდებლობა ამ რეგიონებში ძირითადად ბერძნულმა მოსახლეობამ შეინარჩუნა და ამდენად სარწმუნოების არშეცვლა მრავალი ქართველისათვის თავის თავის ბერძნად აღიარებას ნიშნავდა, მეორეს მხრივ კი, იმ ბერძენთაგან, რომელთაც დათმეს თავისი სარწმუნოება, არცთუ ცოტა შეერია ალბათ ამ რეგიონის გამაჰმადიანებულ ქართულენოვან მოსახლეობას. ასე რომ, უკვე თურქეთის ტერიტორიაზე პონტოელ ბერძენთა და ქართველთა მჭიდრო ურთიერთობას საკმაოდ მყარი საფუძველი უნდა ჰქონოდა ჩაყრილი. ეს ძველი კონტაქტები განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს და ალბათ მომავალში მათ პონტოს დიალექტის და თურქეთში მცხოვრებ ქართულენოვან ტომთა მეტყველების შემსწავლელებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. ასევე საინტერესოა იმ კონტაქტთა შესწავლა, რომლებიც პონტოელ ბერძნებს ჰქონდათ შავისღვისპირეთში მცხოვრებ სხვა ხალხებთანაც - სლავური, სკვითურ-ალანური თუ სხვა მოდგმისა. მათთან ურთიერთობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი კვალი დატოვვა პონტოს დიალექტის ფორმირების პროცესში.
 
პონტოელი ბერძნების ის მასა, რომელიც საქართველოში გადმოსახლდა და რომელმაც მის სხვადასხვა რეგიონში დაიდო ბინა, არ ყოფილა თავიდანვე ერთგვაროვანი. საქათველოს ბერძნების დაყოფა შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად: ელინოფონურ, ანუ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე და თურქულენოვან ჯგუფად. თავის მხრივ, არც ბერძნულის პონტოური დიალექტი არის საქართველოში ერთგვაროვანი და იგი გვიჩვენებს სხვადასხვა რეგიონში მეტნაკლებად მნიშვნელოვან განსხვავებებს. 
 
საქართველოში მცხოვრები პონტოს დიალექტზე მოლაპარაკე ბერძნები თავის თავს უწოდებენ - რომეოს (იშვიათად - გრეკოს ან ელლინოს), ხოლო თურქულენოვანთა სახელწოდებაა ურუმი. როგორც ერთი, ისე მეორე სახელწოდება წარმოსდგება ტერმინიდან რომი. როგორც ცნობილია, ბერძნულ ტრადიციაში, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბერძნებს, მათ შორის ბიზანტიური ეპოქისასაც, ეწოდებათ რომაელები. რომეოს წარმოსდგება სწორედ ამ სახელწოდებისაგან, ხოლო ურუმი კი წაროადგენს, ალბათ, აღნიშნული ტერმინის არტიკლიანი ფორმის თურქულენოვანი ტრანსფორმაციის შედეგს. ქართველები უწოდებენ პონტოელებს ისევე როგორც მათ ბიზანტიელ წინაპრებს, ბერძნებს, რუსები - გრეკê-ს სომხები - კუინ-ს, ხოლო აზერბაიჯანელები - რუმ-ს.
 
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ინტენსიურ ბერძნულ კოლონიზაციას უკავშირდება და ბერძნული მოსახლეობა საქართველოში ანატოლიიდანაა გადმოსახლებული. ბერძნების მცირე ჯგუფი საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდა, როცა მეფე ერეკლე II ინიციატივით ჩვენში დაიწყო ვერცხლის და ტყვიის მოპოვება; მაშინ მოიწვიეს ანატოლიიდან ამ საქმის მცოდნე ბერძენი ოსტატები. არსებული ცნობებით, გიუმიუშხანიდან მოსული ბერძნების 800-მდე ოჯახი ჩასახლებულა 1763 წელს ახტალის მიდამოებში. მათი ჩამომავლები არიან მარნეულის რაიონის სოფელ ოფრეთში მცხოვრები ბერძნები. უფრო მოგვიანებით (1813 წ.) თურქეთიდან მოსული ბერძნების 120 Oოჯახი დასახლდა ქართველების ყოფილ სოფელ წინწყაროში (თეთრიწყაროს რაიონი). 1830 წელს თრიალეთში დასახლდა კვლავ თურქეთიდან მოსული 7 ათასამდე ბერძენი, რომლებმაც ქართველების ყოფილ ნასახლარზე 18 სოფელი შექმნეს. 
 
XIX საუკუნის შუა წლებში ბერძნები ჩამოსახლდნენ ზღვისპირა აჭარაში, აგრეთვე სოფელ ირაგაში (თეთრიწყაროს რაიონი) და ციხისჯვარში (ბორჯომის რაიონი). გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ბერძნები მასიურად ჩასახლდნენ აფხაზეთში, უმთავრესად სოხუმის მახლობელ სოფლებში. ეს ბერძნებიც თურქეთიდან იყვნენ მოსული და ძირითადად თამბაქოს გაშენებას მისდევდნენ. იმავე საუკუნის მიწურულში ბერძნების საერთო რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 40 ათასს შეადგენდა. Mმაშინ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე საქართველოს ქალაქებში ცხოვრობდა (თბილისში, ბათუმში, სოხუმში და სხვ.).
 
საქართველოს მოსახლეობის 1800 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 0,5 ათასი ბერძენი; 1832 წელს - 7,0; 1865 წელს - 12,0; 1886 წელს - 28,8; 1897 წელს - 38,5.
 
ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში ცხოვრობდა 54,054 ბერძენი; 1939 წლის აღწერით კი 84,960; 1959 წელს - 72,9; 1970 - 89,2; 1979 წელს - 95,1; 1989 წელს - 100,3.
 
ბოლო 2002 წლის აღწერის მონაცემებით საქრთველოში ცხოვრობდა 15,166 ბერძენი, მათ შორის თბილისში - 3,792.
 

წყაროები:

 
- ბერძნები საქართველოში (კოლექტიური მონოგრაფია, რედაქტორი რ. გორდეზიანი), თბილისი 1990, გვ. 5-8;
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XIX საუკუნეებში, თბილისი 1984, გვ.233;
- ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი 1996, გვ. 79-290;
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.