ქართველ ებრაელთა გვარები


როგორც ცნობილია, ქართული გვარების მნიშვნელოვანი ნაწილი 'ძე'-სა ან 'შვილ'-ზე ბოლოვდება, რომლითაც განისაზღვრება მათი ეროვნული კუთვნილება. მაგრამ ასეთივე დაბოლოების მქონე გვარები გააჩნიათ საქართველოში მცხოვრებ ებრაელებსაც, რაც განპირობებულია საქართველოში მათი ხანგრძლივად ცხოვრებით (იხ. ‘ებრაელები საქართველოში’). ამ გვარების ერთი ნაწილი საზიაროა ანუ ის გვხვდება როგორც ებრაელებში, ისე საკუთრივ ქართველებში, რის გამოც მხოლოდ ამ გვარების მიხედვით ეროვნების გამოცნობა/დადგენა შეუძლებელია. ამიტომ, ამ ე. წ. საზიარო გვარებს ერთვის ჩვენი შენიშვნა, რომ [გვარი საზიაროა - ქართული და ებრაულიც].

წინამდებარე ანბანურ ვერსიაში მოცემულია ქართველ ებრაელთა გვარები, რომელიც შედგენილია ილია გაგულაშვილისა (ებრაულ საკუთარ სახელთა მცირე ლექსიკონი, ქუთაისი 1998) და ზურაბ ჭუმბურიძის (რა გქვია შენ? თბილისი 2003, გვ. 111-114) ნაშრომების მიხედვით. შენიშვნა: დასახელებულ წიგნებში მოცემულ ინფორმაციაზე საიტის ავტორები პასუხს არ აგებენ.