ქართველების გენეალოგია
არსებობს გამოანგარიშება, რომლის მიხედვით ქართველების ეთნოგენეზის/წარმომავლობის თემაზე დაახლოებით 3.500 ნაშრომი დაწერილა [გ. ყორანაშვილი, საქართველოს ძველი ისტორიის პრობლემები,  თბილისი 2002, გვ. 8]. მათგან მოკლედ შევეხებით, ჩვენი აზრით, ძირითად და მნიშვნელოვან ნაწილს.
        
* * *
            ხალხის უძველესი წარსული ხშირად რომანტიკულ ინტერესს იწვევს და ლეგენდებით იმოსება. ძნელია მოიძებნოს ხალხი, რომლის წარმოშობისა და შორეული წარსულის შესახებ შეთხზული არ იყოს ათასგვარი ზღაპარი და ლეგენდა. ზოგჯერ ამ ლეგენდებში ისტორიული სინამდვილეა არეკლილი, ზოგჯერ კი ისინი წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ. ასეთი ლეგენდები, ზღაპრული ცნობები, და სხვადასხვა დაუსაბუთებელი განცხადება გვხვდება საქართველოს მოსახლეობის შესახებაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ავტორებთან.
            ამ 2500 წლის წინ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის (კოლხების) წარმოშობით დაინტერესებულა განთქმული ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (484–425წწ. ძვ. წ. ) და იმ დასკვნამდე მისულა, რომ კოლხები ეგვიპტური წარმოშობისანი არიან. მისი აზრით, ისინი უნდა იყვნენ შთამომავლები ეგვიპტის მეფის სესოსტრისის მოლაშქრეებისა, რომლებიც მდინარე ფაზისთან (რიონთან) დარჩენილან. ამის საბუთად ჰეროდოტეს მიაჩნდა ის, რომ კოლხები, ეგვიპტელების მსგავსად, შავგვრემანები და ხუჭუჭთმიანები არიან, რომ ორივენი მისდევენ წინადაცვეთას, ერთნაირად ამუშავებენ სელს და ა. შ.
            ძველმა ბერძნებმა კოლხების მეზობელ იბერებსაც – აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას – “მოუძებნეს” პირვანდელი სამშობლო. ასეთი იყო, მათი აზრით, ესპანეთი, რომელსაც ისინი ძველიდანვე აგრეთვე “იბერიას” ეძახდნენ. ძველ ბერძნულ სამყაროში პოპულარული იყო აზრი, რომ აღმოსავლეთის (კავკასიის) იბერები დასავლეთის იბერიიდან (ეპანეთიდან) გადმოსახლდნენ. ამ გადმოსახლებას კიდევ ძვ. წ. VI ს. ცნობილ ბაბილონელ მეფეს ნაბუქოდონოსორს მიაწერდნენ. მართალია, უკვე ანტიკური ხანის ზოგიერთი მწერალი, მაგალითად აპიანე, კრიტიკულად იყო განწყობილი ამ აზრის მიმართ, რაკი მსგავსებას ვერ ხედავდა ესპანეთის იბერებსა და კავკასიის იბერებს შორის. ეს აზრი, ეტყობა, უბრალოდ ამ ორი ქვეყნის სახელების მსგავსების საფუძველზეა შექმნილი და ისევე არაფრის მთქმელია ჩვენთვის, როგორც ჰეროდოტეს ზემომოყვანილი თვალსაზრისი კოლხების ეგვიპტური წარმოშობის შესახებ.
            ძნელია თქმა, თუ რამდენად იყო გავრცელებული ეს აზრები ადგილობრივ, საქართველოში. ის, რაც მწიგნობრული გზით შემოინახა ადრე შუა საუკუნეებიდან, გვიჩვენებს, რომ ადგილობრივ (როგორც მაშინ საყოველთაოდ იყო გავრცელებული) ცდილობდნენ თავის შორეული წარსული, თავისი წარმომავლობა გამოჩენილი წინაპრებისათვის დაეკავშირებინათ. მართალია, ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას.
            ელინისტურ ხანაში აღმოსავლეთ მცირე აზიის არაერთ სამეფო–სამთავროს (პონტოს, სომხეთის, კაბადოკიის) მმართველ დინასტიას თავისი თავი აქემენიდური ხანის ირანის მმართველი დინასტიიდან გამოჰყავდა. ამისდაკვალად იბერიაშიც, ჩანს, გავრცელებული ყოფილა ვერსია იბერთა მმართველი სამეფო სახლის წარმომავლობის შესახებ აქემენიდთა დინასტიის უკანასკნელი მეფის დარიოს III-ის (ძვ.წ. IVს. დასასრული; მეფე, რომელიც ეძებდა ალექსანდრე მაკედონელს) სატრაპ მითრიდატესაგან, რომელიც თითქოს ალექსანდრე მაკედონელს დაუნიშნავს მმართველად კავკასიაში მოსახლე იბერებისათვის. ამის შესახებ გადმოცემა დაცული აქვს ძველ სომეხ ისტორიკოსს მოსე ხორენელს, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნულ მითრიდატეში პონტოს სამეფოს დამაარსებელ მითრიდატეს (337–302) გულისხმობს.
            ლეგენდარული ცნობა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად თავისი სარდლის დანიშვნის შესახებ დაცულია აგრეთვე ძველ ქართულ წყაროებში. “მოქცევაჲ ქართლისაჲს” საისტორიო ქრონიკაში ნათქვამია, რომ, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ქართლი დაიპყრო (ცნობა ლეგენდარულია; სინამდვილეში ალექსანდრე მაკედონელს ქართლი არ დაულაშქრავს), მან აქ მმართველად დატოვა “არიან – ქართლის მეფის ძე აზო”. ეს აზო წავიდა თავის სამშობლო არიან–ქართლში და იქიდან მოიყვანა მრავალი “სახლი” (ე. ი. გვარი) თანამემამულეთა, აგრეთვე კერპები გაცი და გა. ამავე ქრონიკაში ნათქვამია, რომ ჩვენ, ქართველნი,  მემკვიდრენი ვართო ამ არიან–ქართლიდან გადმოსახლებულებისა. ძველი ქართლის კერპების აღწერისას, რომლებიც არმაზის მთაზე იდგნენ, ქართლის გამაქრისტიანებელი ნინო გაცისა და გას კერპებზე ამბობს: “ რომელნი – იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან ქართლით”. მეფე მირიანი მიმართავს რა იმავე ნინოს, გაცსა და გას უწოდებს: “ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი”. მაშასადამე, ქართლის მოსახლეობა თავის უშუალო წინაპრებად (“მამებად”) განიხილავდა სწორედ აზოს მიერ არიან–ქართლიდან მოყვანილ ხალხს.
            ამრიგად, “მოქცევაჲ ქართლისაჲს” მიხედვით, არა მარტო ქართველთა (უფრო ზუსტად: ქართლელთა) მმართველნი, არამედ საერთოდ ქართველნი (ქართები) გადმოსახლებულან არიან–ქართლიდან ალექსანდრე მაკედონელის დროს. ბევრი მკვლევარი დაინტერესებულა საკითხით, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს “არიან–ქართლში”. არსებობს მისი ახსნის მრავალი ცდა, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაჭრილი მაინც არ არის [მოსე ჯანაშვილს “არიან–ქართლი” აგონებდა შუა აზიის “არიანას” , რომელსაც იხსენიებს ალექსანდრეს ლაშქრობათაამბების მოთხრობისას ფსევდოკალისთენეს რომანი; იხ. მ. გ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 1906, გვ. 52 – 53, 57 - 62; ს. ჯანაშიაშეეცადა ეს ტერმინი “ხურიტების” სახელწოდებისათვის დაეკავშირებინა, რომელსაც წინათ შეცდომით (“ხურის” ნაცვლად) “ხარის” სახითკითხულობდნენ; იხ. ს. ჯანაშია, უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველ საცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიისსინათლეზე, ენიმკის მოამბე, V–VI, 1940, გვ. 671 და სხვ. ექვთ. თაყაიშვილმა ეს სახელი ამ ქართულ ძეგლში “ქვაბის საგანძურის” სახელით ცნობილითხზულებიდან შესულად მიიჩნია (“საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”, IX, 1948, №9-10). ჩვენ (აკად. გიორგი მელიქიშვილი - რ. ხ.)შევეცადეთ “არიან” –სახელი “სპარსულის” (“არიულის”) სახით გაგვეაზრებინა და ვთვლიდით, რომ აქ შეიძლება შემოინახა მოგონებასამხრეთქართულ (“სპარსულ-ქართულ”) რაიონებზე, რომლებიც აქემენიდური სპარსეთის მფლობელობაში იყვნენ მოქცეული. ამ რაიონებისმოსახლეობას, ჩვენი აზრით, მართლაც აქტიური როლი უნდა შეესრულებინა აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში (Г. А Меликишвили, К истории древней Грузии,  თბ., 1959, გვ. 276 შმდ.)  შესაძლებელი ჩანს არიან–ქართლის ახსნის ზოგი სხვა ვარიანტიც – იხ. გ.მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ. 16.]
           ძველი ქართული ქრონიკის ამ მოთხრობას, რომ ნაწილობრივ მწიგნობრული სათავეები უნდა ჰქონდეს, ეჭვს გარეშეა. მაგრამ ბევრ რამეს, რაც ამასთან დაკავშირებით არის მოთხრობილი, აშკარაა წყარო ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ ძეგლებში ვერ მოეძებნება. საინტერესოა, რომ მეორე ძველ ქართულ საისტორიო ძეგლში – “ქართლის ცხოვრებაში” – არიან-ქართლი სულ არ იხსენიება, თუმცა ამ ძეგლმა იცის აზოს მამის სახელი – იარედოსი (ქც, I, 18). ეს უკანასკნელი სახელი ახლოს დგას ისეთ სახელებთან, როგორიცაა ირან, არიანა და სხვა.  “მოქცევაჲ ქართლისაჲს” “არიან-ქართლი” და “ქართლის ცხოვრების” აზოს მამის სახელი “იარედოსი” ერთმანეთის ეკვივალენტია. ეს გვაფიქრებინებს, რომ მთელ ამ ისტორიას წყაროდ შეიძლება რაღაც აღმოსავლური (ფალაური ? არაბული ? ) თხზულება ჰქონოდა, თუმცა გადმოცემაში, საფიქრებელია, ამა თუ იმ სახით ადგილობრივი ტრადიცია და რეალური სინამდვილეც აირეკლა.
            თუ “მოქცევაჲ ქართლისაჲში” დაცული გადმოცემა ცდუნებას მაინც გვიქმნის მასში რეალური სინამდვილის ანარეკლი ვეძებოთ, უფრო მარტივადაა ამ მხრივ საქმე “ქართლის ცხოვრების” მიმართ, რომელიც შუა საუკუნეებისათვის ჩვეულებრივ, ტრადიციულ გზას დასდგომია და ხალხებისა და მათი წინაპრების ბიბლიური პერსონაჟებიდან გამოყვანას ცდილობს. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით ქართველებისა და სხვა კავკასიელი ხალხების საერთო წინაპარი თარგამოსი იყო “ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი”. მას შემდეგ, რაც ბიბლიური ბაბილონის გოდოლის შენება ვერ მოხერხდა და ღმერთმა ადამიანები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა, ისინი დაიფანტნენ მთელ მსოფლიოში. თარგამოსიც წამოვიდა “ნათესავითურთ მისით” ჩრდილოეთით და დაემკვიდრა არარატისა და მასისის (თანამ. ტურაბდინი) მთათა შორის. აქ მისი შთამომავლობა ძალიან გამრავლებულა, რადგანაც თვითონ ექვსას წელს უცხოვრია, ხოლო “ესხნეს ცოლმრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის შვილნი, ძეთა და ასულთა მისთანი”. ამიტომაც ბოლოს “ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა” მის ამ მრავალრიცხოვან შთამომავლობას. რვა გამოჩენილი, “ძლიერი და სახელოვანი” შვილი ჰყოლია თარგამოსს: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს. აი ამათ გაუყო თავისი სამფლობელო თარგამოსმა და ყველა ისინი თავისთვის სამფლობელოში დაასახლა.  მათგან მოდიან: ჰაოსიდან – სომხები, ქართლოსიდან – ქართველები (ქართები), ბარდოსიდან - რანნი, მოვაკნიდან -მოვაკნელნი, ლეკიდან - ლეკები, ჰეროსიდან - ჰერები, კავკასიიდან -  
 
 
 
 
კავკასიანნი, ხოლო ეგროსიდან მეგრელნი (ქც, I, 3-6). 
            როდესაც შუა საუკუნეები წარსულს ჩაბარდა, აღარავის ჰქონდა სურვილი ქართველთა წარმოშობის ძიებისას ზემოხსენებული ბიბლიური ზღაპრებისათვის მიექცია ყურადღება. სამაგიეროდ, მეტად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა ამავე ბიბლიურ ტექსტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ამ ორი ათასი წლის წინ, I საუკუნის ებრაელი მწერლის იოსებ ფლავიუსის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ბიბლიური თუბალები მერმინდელი იბერები (ქართები) არიან. XIX ს. პირველსავე ნახევარში ამაზე მსჯელობს თეიმურაზ ბატონიშვილი: “ხოლო იოსაფ ფლავიოს მწერალი იუდიანთა ისტორიისაა, - ამბობს იგი, - ძველთა ებრაელთა მოთხრობათა შინა წიგნსა პირველსა, ნაწილსა და თავსა 6–სა, მოუთხრობს ესრეთ: “სულ ძველად ქართველთა, ესე იგი ივერთა, თობელი ეწოდებისო, ვინაჲდგან იგინი შთამომავლობანი არიან იაფეთის ძის იობელისანი”. თეიმურაზ ბატონიშვილი ამ შემთხვევაში სარგებლობდა იოსებ ფლავიუსის თხზულებით, რომელიც ყოფილა “ქართულად თარგმნილი უფლისა ფილოსოფოსი მამისა ქართველთა მთარგმნელისა იოანე პეტრიწის მიერ”, საიდანაც მას სიტყვასიტყვით ამონაწერი აქვს მოყვანილი: “დაამკვიდრებს უკუიჱ თოვილოსცა, თოველთასა, რომელნი აწ ივერად იწოდებიან”.
            იოსებ ფლავიუსისგან მოდის აგრეთვე ბიბლიური ”მეშეხის” (მოსოხის) დასახვა შემდეგდროინდელი კაბადოკიელების წინაპრად და კაპადოკიის  დედაქალაქ მაზაკასათვის მათი სახელის დაკავშირება.
            XIX საუკუნეში ამ მოსაზრებების განმტკიცებამ მოულოდნელად ახალი სტიმული მოიპოვა, რადგანაც გამოვლინდა ძველი ასურული ლურსმული წარწერები, სადაც ბიბლიური თუბალი და მეშეხი სავსებით კონკრეტული სახით წარმოდგნენ ჩვენ წინაშე, როგორც ძვ. წ. II–I ათასწლეულებში მცირე აზიაში არსებული დიდი გაერთიანებები – ტომთა კავშირები თუ სამეფოები. ბუნებრივია, რომ უნდა შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც თვალსაზრისი, რომ ეს იყო ქართველთა წინაპრების გაერთიანებები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, რომელიც კავკასიაში წამოვიდა მას შემდეგ, რაც მცირე აზიაში ეს ქართული გაერთიანებები განადგურდა. ამ მოვლენის დათარიღება კი საკმაოდ ადვილად ხერხდებოდა ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებით. XIX ს. დასავლეთევროპელმა გამოჩენილმა ისტორიკოსებმა (ლენორმანმა, მასპერომ და სხვ.) სწორედ ამ უშუალოდ ქართველ ტომთა (მერმინდელი იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნიეს ასურული წყაროებით მცირე აზიაში ძვ. წ. XII-VII სს. დამოწმებული თაბალები და მუშქები. ამათ მალე მიემატნენ ქაშქები (იხსენიებიან აღმ. მც. აზიაში იმავე ასურული წყაროების მიერ და, აგრეთვე, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ხეთურ წყაროებშიც), როგორც კოლხების წინაპრები. ქართველთა (ქართ-იბერთა) წინაპრების წრეში  შემოიყვანეს აგრეთვე ქსენოფონტეს მიერ ძვ. წ. V ს. დასასრულის ზემო მესოპოტამიაში (ისტორიული “გორდუენეს” – კორდუქის მიწა–წყალზე) მოხსენიებული კარდუხები, რომელთა სახელი მართლაც საოცრად ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს (“ქართუ”). კ. ფ. ლემან–ჰაუპტი თვლიდა, რომ ქართები (იბერები) ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ.
            მოსაზრებამ თაბალების, მუშქებისა და სხვათა ქართველთა წინაპრობის შესახებ და მცირე აზიიდან კავკასიაში (საქართველოში) ძვ. წ. VII საუკუნის შემდეგ მათი გადმოსახლების შესახებ მეტად ფართო გავრცელება მოიპოვა განსაკუთრებით იმის გამო, რომ იგი სხვებთან ერთად მიიღო XX საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივ. ჯავახიშვილმა.
 
 
 
 
            ამასობაში კი დასავლეთის მკვლევართა დიდმა ნაწილმა სულ დაივიწყა მოსაზრება მუშქებისა და თაბალების ქართველობის შესახებ”. ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ VIII საუკუნის ბოლოს ასურულ წყაროებში მოხსენებულ “მუშქების მეფე მითას” იცნობს ძველი ბერძნული ტრადიციაც. მაგრამ იგი მას ეძახის “ფრიგიის მეფე მიდასს”. ამიტომაც ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი, რომ მუშქები ინდოევროპელი ფრიგიელები არიან. კარგად ეხამებოდა ამას ის გარემოებაც, რომ პირველად მუშქები ასპარეზზე ჩნდებიან ძვ. წ. XII საუკუნეში შემოსეულთა სახით, რომელნიც 1165წ. ეუფლებიან ჩრდილო მესოპოტამიის ოლქებს: ალზისა და ფურულუმზის, ხოლო 50 წლის შემდეგ კიდევ უფრო სამხრეთით ჩამოდიან და კათმუხის მიწა-წყალზე უმართავენ სასტიკ ბრძოლებს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-ს. (1115–1077). ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნით ამ ამბებზე ადრე, XIII საუკუნის ბოლოს, მცირე აზიას გადაურა “ეგეოსური შემოსევის” ტალღამ – დასავლეთიდან შემოსულმა ტომებმა გაანადგურეს მცირე აზია აქ არსებული ხეთების ძლიერი სამეფო. ანტიკური ტრადიცია (ჰეროდოტე და სხვ.) დაჟინებით ამტკიცებს, რომ ფრიგიელები მცირე აზიაში ბალკანეთიდან გადმოსახლდნენ. ბევრი მკვლევარი ფრიგიელთა გადმოსახლების თარიღად სწორედ ამ ქარიშხლიან ხანას, ძვ. წ. XIII-XIIსს. მიიჩნევს. ამიტომაც, ასე ადვილად იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ “მუშქები”, რომელთა შემოტევის მოგერიება უხდება ტიგლათფილესერ I-ს, სწორედ ეს ახლად შემოსული ფრიგიელები უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც გვიან ხანაში “მუშქების სამეფო” და “ფრიგიის სამეფო” სინონიმებს წარმოადგენდნენ.
            დასავლეთში ნაკლებ იცნობდნენ ქართულ თვალსაზრისს მუშქებ-მესხებზე. მაგრამ ზოგი, ვინც გაიგებდა, თუ რა ორგანულად უკავშირდება “მესხი”–სახელი ქართულ სამყაროს, ცდილობდა ამის მიხედვით გაეაზრებინა მცირეაზიული მუშქების ბედ–იღბალიც. კ. ფ. ლემან–ჰაუპტი, მაგალითად, ვარაუდობდა, რომ ქართები (იბერები) ჩამოყალიბდნენ კარდუხებისა და ამ ფრიგიელი მუშქების შერევის შედეგად საქართველოს მიწა–წყალზე. მუშქები მცირე აზიიდან კიმერიელებმა აყარეს, კარდუხების ნაწილი კი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ გადმოსახლდა საქართველოში. თვითონ მუშქები (მოსხები, მესხები) მას მიაჩნია, “ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად”, სადაც ფრიგიელები წარმოადგენენ “მცირერიცხოვან მმართველ ინდოევროპულ ფენას”.
 ი.მ. დიაკონოვიც ფიქრობს, რომ მუშქები (მესხები) სხვაა და ფრიგიელები – სხვა. მისი აზრთი, მუშქების ქართველთა ტომი შედიოდა ფრიგიის სამეფოს შემადგენლობაში და ასურელებმა ფრიგიის სამეფოს მუშქების სამეფო უწოდეს იმ ტომის მიხედვით, რომელიც მათ საზღვრებთან ყველაზე ახლო იმყოფებოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ პერიფერიაზე. მაგრამ სხვა ადგილას იგივე ი. მ. დიაკონოვი აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში “მუშქების” ქვეშ, უეჭველია, სწორედ თრაკიულ-ფრიგიული შტოს ინდოევროპული ტომები უნდა იგულისხმებოდნენ, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ძველი ქართული ტერმინოლოგიით “მოსხებად” თუ “მესხებად” იწოდებოდნენ “დასავლური წარმოშობის ქართული ან გაქართველბული ტომები”, გამოსულნი იმ ტერიტორიიდან, რომელიც ერთ დროს ფრიგიის სამეფოს მფლობელობაში იმყოფებოდა. უძველეს წყაროებში მოხსენებულ მუშქებზე, რომელთაც ტიგლათფილესერ I ებრძოდა, ი. მ. დიაკონოვი ფიქრობს, რომ ისინი უნდა იყვნენ თრაკიულ-ფრიგიული ტომები, რომლებიც არ შევიდნენ შემდეგში წარმოქმნილ ფრიგიის სამეფოსა და ფრიგიელი ხალხის შემადგენლობაში. შეიძლება სწორედ ესენი იყვნენ ინდოევროპული სომხური ენის მატარებელი ტომები. ს. ერემიანიც ასევე ცდილობს ეს უძველესი მუშქები სომხებს დაუკავშიროს, თუმცა იგი საკუთრივ სომხური ენის მატარებლებად თვლის არა ფრიგიელ (მისიელ) მუშქებს, არამედ ამავე ტიგლათფილესერის მიერ მოხსენებულ ურუმიელებს,  რომლებმაც, მისი აზრით, ძვ. წ. XII ს. მუშქებთან ერთად შექმნეს ერთი გაერთიანება – უძველესი “მუშქების სამეფო” ზემო მესოპოტამიაში.
            უკანასკნელ ხანებში საზღვარგარეთის ორიენტალისტიკაში ახალი ძალით იჩინა თავი სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ მუშქების ფრიგიულობის შესახებ. ამას ბიძგი მისცა იმან, რომ მუშქების სამეფო დინასტიაში გავრცელებულ სახელწოდება “მითას” (“მიდასს”) ხეთურ–იეროგლიფური ეტიმოლოგია მოუძებნეს და აღმოჩნდა, რომ ამ სახელს ატარებდა, ჯერ კიდევ დიდი ხეთური სამეფოს არსებობის ხანაში, ე. ი. ფრიგიელთა მცირე აზიაში სავარაუდო გამოჩენამდე, აღმოსავლეთ მცირე აზიის ერთ-ერთი გაერთიანების - ფახუვას მმართველი. ზოგ მკვლევარში ამ ფაქტმა კვლავ გააცოცხლა ასოციაციები ქართველ მესხებთან და ცნობილმა ხეთოლოგმა ვ. კავენიაკმა XII ს. ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ისტორიული საქართველოს  სამხრეთ–დასავლეთი ოლქებიდან ჩამოსულად მიიჩნია.
            ფახუვას მმართველ მითასთან ასოციაციის შედეგად მუშქებს ადგილობრივ აღმოსავლურმცირეაზიულ ელემენტად, ფრიგიულისაგან განსხვავებულად,  მიიჩნევს აგრეთვე ფრიგიული სიძველეების გამოჩენილი მკვლევარი ე. აქურგალი.
            მუშქების საკითხს ეხებოდა ამ სტრიქონების ავტორის ზოგიერთი ნაშრომიც; მათში იგი ცდილობდა დაეცვა მუშქების ქართულ სამყაროსთან კავშირის თვალსაზრისი.
            უფრო მეტად დაივიწყა დასავლეთის ორიენტალისტიკამ XX საუკუნეში თაბალების ქართველობა და ქართულ იბერთა წინაპრად გამოცხადება. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ მცირე აზია გვიან ხეთურ ხანაში ხეთურ–იეროგლიფური წარწერებით აღმოჩნდა მოფენილი, საკმაოდ მოიკიდა ფეხი პირველად ე. ფორერის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ ხეთურ-იეროგლიფური ენა შეიძლება სწორედ თაბალების ენა იყო და თაბალები, მაშასადამე ინდოევროპელები უნდა ყოფილიყვნენ.
            თაბალებისა და მუშქების “გაინდოევროპელებას” თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლეთ მეცნიერთა მიერ ამ თვალსაზრისის მიღებით “გაქრა ყველაფერი, რასაც ემყარებოდა უძველესი ეპოქის საქართველოს ისტორიის აგება”. ივ. ჯავახიშვილი შეეცადა პასუხი გაეცა ამ კითხვისათვის და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირა სხვა კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზს. ივ. ჯავახიშვილმა დიდი ენერგია შეალია ქართველური და სხვა კავკასიური (დაღესტნურ–ჩაჩნური, აფხაზურ–ადიღეური) ენების ნათესაობის ენათმეცნიერულ დასაბუთებას.მეორე მხრივ, კავკასიონს გადაღმა მდებარე ვრცელი მხარეების უძველესი ტოპო– და ეთნონიმიკის, ონომასტიკონის ანალიზის საფუძველზე წამოაყენა მტკიცება, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ მცხოვრებ სკვით–სარმატებში ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილოკავკასიური მოსახლეობა იგულისხმება. ამასთან დაკავშირებით მან უკვე სხვა კითხვა დასვა – არის თუ არა ჩრდ. კავკასია ამ ტომების პირვანდელი სამშობლო? ივ. ჯავახიშვილი ამ საკითხზე პასუხის გასაცემად იშველიებდა იმ გარემოებას, რომ “ჩრდილოკავკასიური” (აფხაზურ–ადიღღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური) სახელები თავს იჩენს  ამიერკავკასიაშიც, და ასკვნიდა, რომ უძველეს ხანაში ამ ტომებს სწორედ სამხრეთ კავკასიაში უნდა ეცხოვრათ, კერძოდ, ადიღეველ ტომებს დაკავებული უნდა ჰქონოდათ დასავლეთ ამიეკავკასია, ისტორიული საქართველოს დასავლეთი ნაწილი, ხოლო მის აღმოსავლეთით უნდა ეცხოვრათ ჩაჩნურ–დაღესტნურ ტომებს. ამრიგად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მონათესავე ტომების მოძრაობა მიიმართებოდა სამხრეთიდან ჩრიდილოეთისაკენ. ამრიგად, ქართველებიც სამხრეთიდან უნდა იყვნენ მოსულნი. ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ უძველესი ხანის მცირე აზიაში და ურარტუში გვხვდება სახელწოდებები იმგვარი სუფიქსებით (-ანდა, -ს/ს/ოს, -ახი, -ეხი, -უხი, -ხა, -აინი, -უნი, და ა. შ.), რომელნიც ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეების ტოპონიმიკაში, მრავლად იჩენენ თავს საქართველოს ტოპონიმიკაშიც. ამიტომაც, ასკვნიდა ივ. ჯავახიშვილი, უნდა ვაღიაროთ, რომ მონათესავე ქართველური და სკვითურ–სარმატული (აფხაზურ-ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური, -გ. მ. ) ტომები თავის გვიანდელ ადგილსამყოფელში შეიძლება მოხვედრილიყვნენ მხოლოდ სამხრეთიდან და თუბალ–თ-ბალები და მოსოხმუშქები არ შეიძლება ინდოევროპელები იყვნენ.
            ივ. ჯავახიშვილის კონცეფციაში ყველაზე ძვირფასი არის ცალკეული ტოპონიმიკური ფაქტების ანალიზი, რომლებიც მიუთითებენ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ზოგიერთ აფხაზურ–ადიღეურ ან ჩაჩნურ–დაღესტნურ სახელწოდებათა არსებობაზე, ისევე როგორც ამგვარივე სახელების მეტად ფართო ტერიტორიაზე განფანტვაზე კავკასიონის იქითა მხარეში. მაგრამ ზოგიერთი სახელწოდების ახსნა არ არის დამაჯერებელი და საერთოდ არსებული ფაქტები, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში შედარებით გვიან ფიქსირებული მასალები, არ იძლევა საშუალებას, რომ უძველეს ხანებში ჯერ მთელი ამიერკავკასია და მერე მთელი ჩრდილოეთ კავკასია და უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწები აფხაზურ–ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური ტომებით დასახლებულად მივიჩნიოთ. მეტად არადამაჯერებელია ანალოგია საქართველოს და მცირე აზია-ურარტუს უძველეს სახელებს შორის დაბოლოებათა მიხედვით. ეს სუფიქსები ადვილი შესაძლებელია სულ სხვადასხვა წარმოშობისანი იყვნენ, ან, რადგანაც სამხრეთში მათი ენობრივი კუთვნილება თითქოს უფრო აშკარაა (ხური–ურარტულ ან ანატოლიურ–ინდოევროპული ფენების კუთვნილება ჩანს) ივ. ჯავახიშვილის მიერ მოტანილი ქართული ანალოგიები უფრო არაქართულენოვანი ეთნოსის უძველესი ბედ–იღბლის შესახებ მსჯელობისათვის შეიძლება გამოდგეს (ესენი იყვნენ სამხრეთ კავკასიის უძველესი მცხოვრებნი?), ვიდრე ქართველთა ეთნოგენეზისათვის.
            ივ. ჯავახიშვილი თავის ერთ–ერთ უკანასკნელ ნაშრომში შეეცადა დაეთარიღებინა კიდეც ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების კავკასიაში სამხრეთიდან მოსვლა. დაეყრდნო რა ლეგენდარულ ცნობებს  იბერების გადმოსახლების ან სკვითების მამამთავრის ცხოვრების დროის შესახებ, ივ. ჯავახიშვილმა მატერიალური კულტურის მონაცემებიც მოიშველია და აღნიშნა, რომ სკვითურ–სარმატულ მატერიალურ კულტურაში მრავლად გვხვდება ოქროსა და ბრინჯაოს  ნივთები, ხოლო რკინა ცოტაა. მაგრამ მცირე აზიაში, საიდანაც სკვითები (ივ. ჯავახიშვილის მიხედვით) მოვიდნენ, უკვე XIV საუკუნიდან იცნობდნენ რკინას. როგორც ჩანს, აზიიდან სკვითებისა და სარმატების გადმოსახლების დასაწყისისათვის იგი ამ თარიღს აძლევს უპირატესობას, ხოლო ამ მოძრაობის ერთ–ერთი უკანასკნელი ტალღა – სამხრეთიდან ამიერკავკასიისაკენ წამოსულ ქართველ ტომთა უკანასკნელი ტალღა - მისი თქმით, “VII ს. ქ. წ. დაძრულა”.
            აი, ასეთი სახე მიიღო საბოლოოდ ივ. ჯავახიშვილის კონცეფციამ ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების სამხრეთიდან გადმოსახლების შესახებ.
40–50–იანი წლების ქართულ საისტორიო და საენათმეცნიერო ლიტერატურაზე დიდი გავლენა იქონია აკად. ს. ჯანაშიას კონცეფციამ ქართველი ხალხის წარმოშობის შესახებ. ს. ჯანაშიამ ფაქტიურად მოხსნა თვალსაზრისი ქართველთა გადმოსახლების შესახებ. “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოში, რომელიც პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა, ს. ჯანაშიას კონცეფცია ასეთი სახით არის წარმოდგენილი: ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან. უძველეს დროში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა–წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთის, აპენინისა და პირენეს ნახევარკუნძულებზე) ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. შემდეგ ამ მოდგმის ხალხთა ადგილსამყოფელი თანდათან იზღუდებოდა. ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგისათვის წინა აზიის მკვიდრი ხალხებიდან ცნობილი იყვნენ ხეთები და სუბარები. ხეთა–სუბარები ქართველ ტომთა წინაპრები არიან. ხეთები მცირე აზიაში მოსახლეობდნენ, სუბარებს კი ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე. ამ ხეთა–მითანის სამეფოების ხანაში კავკასიის მიწა–წყალი ხეთურ–სუბარული მოდგმის მოსახლეობას ეკავა. საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი საუკუნეებისათვის ჩამოყალიბდა კულტურის ორი წრე – დასავლური და აღმოსავლური, რომლებიც ქართველი ტომების ორ გაერთიანებას შეესაბამებოდა – დასავლურქართულსა და აღმოსავლურქართულს. ამავე ხანებში, სამხრეთში, წინა აზიაში, ასურეთი გაბატონდა, ხოლო ხეთურ-სუბარული მოსახლეობა მრავალ წვრილ სამთავროდ დაიქსასქსა. ხეთურ-სუბარული ტომებიდან უფრო ძლიერნი ყოფილან მუსკები, მერმინდელი მესხები, IX საუკუნეში კი ყველაზე უფრო ენერგიულ ბრძოლებს ასურელებს თუბალები უმართავენ. ძვ. წ. IX-VIIსს. ხეთურ–სუბარულმა ტომებმა ახალი ძლიერი სახელმწიფო შექმნეს – ურარტუ. აქვე, მეზობლად არსებობდა ხეთურ–სუბარული სამეფო მანა. მალე სამხრეთის ეს ხეთურ–სუბარული სახელმწიფოები განადგურდნენ, მაგრამ უკვე ძვ. წ. VI საუკუნისათვის სუბარეთის ჩრდილოეთი რაიონების, კერძოდ, დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა იმდენად იყო დაწინაურებული, რომ სახელმწიფო ორგანიზაციისათვის საჭირო ნიადაგი არსებობდა. ამიტომაა, რომ, როცა ურარტუს სამეფო დაემხო და მისი ცენტრი ვანის ტბის პირას მოისპო, სახელმწიფოებრივმა ცენტრმა უფრო ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლა. აქ ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი და იბერია.