აღწერა სამეფოსა საქართველოსა
სახელოვნმა ქართველმა გეოგრაფმა, ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა ვახუშტი ბატონიშვილმა (1696-1757) დაახლოებით 1745 წელს დაამთავრა თავისი უბადლო შრომა, რომელსაც უწოდა "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". იგი შეიცავს საქართველოს ისტორიას დასაბამიდან XVIII საუკუნის შუა წლებამდე, რომელშიც მოცემულია აგრეთვე უძველესი ცნობები ქართული წარჩინებული გვარების შესახებ ["ქართლის ცხოვრება", ტ. IV, თბილისი 1973, გვ. 27-28, 33-37]. 
 

მეფეთა გუართათვის

ხოლო გუარნი მეფეთანი იყვნენ: პირველი ქართლოსიანნი, და ნებროთიანნი, და არშაკუნიანნი, და მეფობდნენ ესენი 566 წელთა, და მეფენი ისხდნენ 28. შემდგომად ამათთა იყო გუარი ხოსროვანთა, და მეფობდნენ ესენი 454 წელთა, და მეფენი ისხდნენ 17 და მთავარნი 3. შემდგომად ამათთა ბაგრატიონნი, რომელნი გამეფდნენ ქრისტესსა 575 წელთა და არიან აწამდე. არამედ სიტყუა იყო ივერიასა შინა მეფეთა ამათთვის, რამეთუ იცნობის ქართლოსიან-ნებროთიან-არშაკუნიანნი გმირობითა, ხოლო ხოსროვანნი გოლიათობითა, ახოვნებითა, შემმართებელობითა, ხოლო ბაგრატიონი მხნეობითა, სიბრძნე-ქუელობითა და ქუეყნისათვის თავდადებულობითა [გვ. 27]. 
 

მთავართა გუართათვის

ხოლო გუარნი მთავართა მათ ძუელთანი არიან: ქობულისძე, დონაური, არელმანელი, ბაღუში, რომელი იყო ლიპარიტისძე, მარუშისძე, კახაბერისძე, ბაკურისძე, აბულელი, მხარგრძელი, ორბელიანი, ქაჩიბაძე, ვარდანისძე, გამრეკელი, მარუშისძე, ძაგანისძე, ასათისძე, კარიჭისძე, გაგელი, სამძივარი, ფარჯანიანი, ნერსიანი, ადარნასიანი, ჯუანშერიანი, კავკასიძე, ჯაყელი, ირუფაქისძე, ჩოლაყაშვილი, აბაზაძე, კორინთელი, მახატელი, ნასიძე, შარვაშიძე, ქუენაფლაველი, ჯავახისშვილი, ბურსელი და სხუანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერვიან და გუარნი არა წარიწერებიან ცხადად საცნობელად, ვითარცა იტყვის ყუთლუღ-არსაღისას და ყუბასარისას და ქართლის ერისთავი გრიგოლ, და სურამელი რატი და გრიგოლი. კახეთს ხორნაბუჯის ერსთავი, მაჭის ერისთავი, პანკისის ერისთავი, და სამცხეს გუზანის და არტანუჯის ერისთავი, კალმახის ერისთავი, წუნის ერისთავი, ხოლო  სომხითს მანკაბერ-სადუნი და არა გუარი მისი. ხოლო იმერეთს ბედიელი, დადიანი და სხუანი, და არა გუარნი მათნი წარწერილნი, არამედ დადიანობა არა არს გუარი, გარნა წესი ხელობისა, არა იყო ესე ოდიშს, არამედ კარის მხარესა ზედა დადიანობდა, ხოლო შემდგომად მეფის თამარისა იქმნა ოდიშს დადიანად, და იყვნენ ერისთავად, ვითარცა ცოტნე დადიანი, და არა გუარი მისი საჩინო არს. გარნა შემდგომნი დადიანნი ამ ცოტნესაგან ჩამომავლობენ, ვითარცა აღვსწერეთ [გვ. 27-28].

 

აწინდელთა მთავართა გუართათვის

ხოლო აწინდელთა მთავართა და წარჩინებულთა გუარნი ესენი არიან: ბარათაშვილი, რომელთა უპყრავთ გაჩიანისა და გარდაბანისა საერისთონი ტფილისის სამხრით, ვიდრე ლორე-ფანავრამდე, თვინიერ მეფისა სახასოთა და შეწირულობათა ეკლესიათათა. ხოლო იტყვიან ესენი ჩამომავლობასა ქაჩიბაძისასა, რომელსა აცხადებს გუჯარნი და სიგელნი მათნი მეფეთაგან წყალობისანი. კუალად ყაფლანისშვილი და აბაშისშვილი სამთა ძმათა შვილობასა. არამედ ყაფლანისშვილი იტყვის გუარობასა მათსა გინა ორბელიანობასა, გარნა იყო ორბელიანი სხუა და ქაჩიბაძე სხუა გუარი, არამედ ოდეს განიყვნენ ძმანი, ბარათასაგან არიან ბარათიანნი, რომლისა მიერ ეწოდა ადგილთა მათ საბარათიანოდ, ხოლო აბაშისაგან აბაშისშვილნი და ეგრეთვე სხუანი, რომელნი არიან ბარათიანთაგანნივე. გარნა საგონებელ არს ყაფლანიანთაცა მესამესა ძმასა ეწოდა ორბელი, და მის მიერ ორბელიანნი იწოდნენ, თვარე წინათქმულნი არა განმართლდებიან. ხოლო ბარათანთ გუჯარსა შინა, რომელ არს ბეთენიას, წერილ არს: მეფემან ალექსანდრემ, ძემან გიორგი მეფისამან [აქ იგულისხმება ალექსანდრე I კონსტანტინეს ძე 1412-1442 წწ.], გაჰყარნა სამნი ძმანი - აბაში, გუგუნა და დავით. აბაშისაგან აბაშიშვილნი, გუგუნასაგან ბარათიანნი და დავითისაგან ყაფლანიშვილნი არიან. ხოლო სომხითის მელიქი არა არს გუარი, არამედ სომეხსა ვისმე პატივსცა შააბაზ გამოჰმადიანებისათვის. არღუთაშვილი აწ აზნაური, გარნა მხარგრძელნი არიან. ხოლო ზურაბისშვილს, იარალისშვილს და სოლაღაშვილს იტყვიან არა ბარათიანობასა, არამედ მამულნი და სასაფლაონი მათნი აჩენენ მასვე ყოფასა. კუალად დოლენჯისშვილი აწ ჩამოსულნი მესხიდამ. ყარაბუდაღისშვილი მოვიდა მარიამ-ჯუარის კახეთიდამ. ხოლო მცხეთის დასავლით და მტკურის სამხრით ციციშვილი, რომელი ძუელადვე მოვიდა ფანასკეთიდამ, ჯავახისშვილი; ხოლო მოურავისშვილი არს სააკაძე და მეფისაგან გამთავრებული; როჭიკაშვილი არს შალიკაშვილი, მოვიდა სამცხიდამ. ხოლო შიდა ქართლს ამილახორი, არამედ არა არს გუარი, გარნა წესი მეჯინიბეთხუცობისა, ვითარცა უწოდებენ სპარსნი, ხოლო გუარი ზედგინიძე არს და პატივცემული მეფეთაგან მთავრობით, ვითარცა აჩენს გუჯარნი მათნი. აბაშიძე, ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი. ამათ ერთობასა შინა აქუნდათ მამულნი იმერეთს და ქართლსა შინა, და შემდგომად განყოფისა სამეფოსა, ერთი ძმა იქით და ერთი აქათ დაშთნენ, ვითარცა აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი. ავალისშვილი, რა დაშთა ხეობა მეფესა ქართლისასა, ეგრეთვე ერთი ძმა დაშთა აქ და მეორე სამცხეს. მაჩაბელი იტყვის ანჩაფიძეობას, აფხაზეთიდან მოსვლას, გარნა ახალი არს. ხერხეულიძე იყო სამცხეს და იტყვის ოსობას, არამედ არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრილებისა. ფავლენისშვილი იტყვის მხარგრძელობასა. ხოლო კუალად მესხი ამილახორისშვილი, დიასამიძე, შალიკაშვილი და თაქთაქისშვილი შემდგომად თათრობისა ჩამოვიდნენ სამცხიდამ; ჩხეიძე მოვიდა იმერეთიდამ. ხოლო რამაზისშვილი და დავითისშვილი არიან ავგიორგის ძმის დიმიტრისაგან, რომელი არჩინა მეფემან, და არიან მიერითგან აქა. ხოლო იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყვის ბიბილურობასა. ხოლო არაგვის ერისთავი - და აღვწერეთცა, ვითარცა არიან, არამედ გუარს სიდამონობას იტყვის. ხოლო მუხრანის ბატონი და გოჩაშვილი, აწ მთავარნი, არამედ გუარი მეფეთა ბაგრატიონთა არიან, ვითარცა აღწერილნი არიან. 
 

წარჩინებულთათვის 

გარნა ამათ მთავართა შორის აწინდელთა ჟამთა უწარჩინებულესნი და შემძლებელნი ესენი იყვნენ და გაუყრელნი სახლნი აქუნდათ: პირველი მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახორი და ყაფლანიშვილი, ზემო ციცისშვილი, ოდეს გაუყრელი იყო, და სომხითის მელიქი. ხოლო აზნაურნი მრავალნი არიან, სიგრძისათვის დავიდუმეთ, ვიეთნი ძუელის გუარისანი, ვითარცა აბაზაძე, კორინთელი, მახატელი, არღუთაშვილი, გოგიბაშვილი, ნასიძე, ღაზნელი. გააზნაურშვილებულნი: ვითარაცა რატისშვილი, ქსნის ერისთვის განაყოფი, ვით იხილვების მამულითა, ხოლო აწ დამცირებულნი. ხოლო ზედგინიძე, სააკაძე, ელიოზაშვილი, ამათგან გამთავრებულნი ესრეთ, რომელნიმე ამაღლებულან და რომელნიმე დამდაბლებულან ჟამთა ცვლილებითა ანუ გაყრითა ძმათათა.
 

კახთათვის

ხოლო კახეთს ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძობას; ენდრონიკასშვილი იტყვის ანდრონიკესაგან, რომელი მოვიდა პირველვე კეისართა გუარისა. ჟორჯაძე, ჭავჭავაძე, ვაჩნაძე, ვახვახისშვილი, რუსისშვილი, ჯანდიერისშვილი, ავალისშვილი და ჩერქეზი. ეს ორნი მოსულნი არიან გაყრილების შემდგომად. გურამისშვილი და ტუსისშვილი - ზედგინიძენი, რომელთა გამოაჩენს სასაფლაო მათი დღესეც მღვიმეს, და აზნაურნი უფროს მცირედ.
 

სამცხისათვის

ხოლო სამცხეს: ჯაყელი, ესე არს აწ ათაბაგი და ფაშა ახალციხისა; შალიკაშვილი, თადგირიძე, დიასამიძე, ქობულისძე, გოგიბაშვილი, ამილახორი, ავალისშვილი, სუმბატისშვილი, გოგორისშვილი, თუხარელი, ღაღანიძე და სხუანი, არღარა იწოდებიან გუარითა, არამედ ფაშად, ბეგად და სანჯახად, და აზნაურნიცა ეგრეთვე მრავალ, გარნა დავიდუმეთ.
 

იმერეთისათვის 

ხოლო იმერეთს: არგუეთისა შინა აბაშიძე, ფხეიძე, წერეთელი და ჩხეიძე (ამავე ჩხეიძის გუარი არს აწინდელი რაჭის ერისთავი და სპასპეტი რაჭისა), ლორთქიფანიძე, ნიჟარაძე და ღოღობერიძე, აზნაურნი და მთავრობით პატივცემულნი მეფთაგან. ხოლო რაჭას წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი. ხოლო სუანეთს გელოვანი, და არღარა ეგოდენისა ძალისა და უფლებისა მქონე სუანთა ზედა.
 
კუალად ვაკესა შინა ჭილაძე და მიქელაძე და ჩიჯავაძე, ხოლო აზნაურნი მრავალნი და კეთილნი ყოვლითა ზნითა აზნაურთათა (ვითარაცა ძუელად სიტყუა იყო ივერიასა შინა: დარბაისლად მესხნი, თავადი ქართლისა, აზნაური იმერეთისა და ვაჭარი კახეთისა), არამედ სიგრძისათვის არღარა აღვსწერეთ. გარნა უწარჩინებულესი და შემძლებელი იყო აწისა ჟამსა შინა რაჭის ერისთავი და აბაშიძე.
 

ოდიშისათვის

ხოლო ოდოშს დადიანი და თავადი თვის-თვისად მფლობელი ოდიშისა შემდგომად გაყრილებისა. არამედ აწ არს ჩიქოვანი, რომელმან მოწყვიდნა დადიანნი დ მთავარნი ოდიშისანი, და მცირე აზნაურობისაგან იქმნა დადიანად აღწერილებისამებრ. არამედ კუალადცა არიან მთავარნი ესენი: გოშაძე, ფაღავა, ჯაიანი, ჩიჩუა და სხუანიცა, და აზნაურნიცა მრავალნი.
 

აფხაზეთისათვის 

ხოლო აფხაზეთს იგივე შარვაშიძე, მფლობელი აფხაზთა თვით, და უმდაბლესი ანჩფაძე.
 

გურიისათვის 

ხოლო გურის გურიელი, იგიცა თვით ჰფლობს და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქუეშენი არიან ესენი: თადგირიძე და ამილახორი ჩავიდნენ სამცხიდამ, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე და სხუანი, ეგრეთვე აზნაურნიცა [გვ. 33-37].