ქალის სახელები


საბედა, საბედო (ქართული) " ვისაც ბედი ელის ", " საბედნიერო "  (შეადარეთ ბედისა). როგორც არაკალენდარული სახელი, მიჩნეული იყო ელისაბედ-ის შემოკლებულ ფორმად.

სალომე (ძველი ებრაული) " მშვიდობა ". ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: " რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ "  ( " ქართლის ცხოვრება "  I, 70).

სამაია (ქართული).

სამძივარი, სამძივარა (ქართული) როცა ანდრია მოციქული, პირველწოდებული, მოვიდა საქართველოში, მესხეთში, და შეუდგა ქრისტეს მოძღვრების ქადაგებას, " მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქურივი სამძივარი "  ( " ქართლის ცხივრება ", I 39). შეიძლება იმავე სახელის ფონეტიკური ვარიანტი იყოს სამძიმარა, რომელიც ძველი ქართული წარმართული ღვთაების სახელად გვხვდება ფოლკლორულსა და წერილობით წყაროებში. მთის კილოებში დასტურდება მისი ვარიანტული ფორმები: სამძიმი, სამძიმა, სამძიმარი, სამძიმარო. დღეს კი ეს სახელი თუ სახელები თითქმის მივიწყებულია.

სანდუა (ქართული) " სანდომიანი "  ან " სანდო ".

სანათა (ქართული) მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ნათელა, სვეტლანა, ფოტინე. სანათა ჰქვია ვაჟა-ფშაველას " ბახტრიონის "  ერთ-ერთ პერსონაჟს, გმირი ვაჟკაცების დედას.

სარა (ძველი ებრაული) " ქალბატონი ", " ჩემი მბრძანებელი ". ეს სახელი ერქვა ბიბლიური აბრაამის ცოლს, საიდანაც სათავე დაედო ებრაელთა მოდგმას.

სევდია _ სიტყვა წარმოშობით არაბულია (სავდა - " მწუხარება ", " ნაღველი "), ქალის სახელად ქცეულია აზერბაიჯანულში (სევდა - " წუხილი სიყვარულის გამო "). ქართულში ცნობილია სევდია-ს ფორმით, მაგრამ თავისი " სევდიანი "  მნიშვნელობის გამო ამჟამად იშვიათად გვხვდება.

სვეტლანა (სლავური) " ნათელისა ". ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: " სვეტლან - " ნათელი ". შეადარეთ ქართული ნათელა, სანათა, ბერძნული ფოტინე.

სიდონია - შემოკლებით სიდო – ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, შესაძლოა უკავშირდებოდეს გეოგრაფიულ სახელს სიდონ-ს, ე. ი. ნიშნავდეს " სიდონელს "  (თვით სიდონი ებრაულად ნიშნავს " სათევზაო ადგილს ").

სილვა - ახალი ნასესხებია დასავლეთ ევროპის ენებიდან, წარმოადგენს სილვია-ს შემოკლებულ ფორმას, რომელიც მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს " ტყისას "  (დაწვრილებით იხ. სილიბისტრო).

სოფიო (ბერძნული) " სიბრძნე ". თვით ბერძნულში პირველადი ფორმაა სოფია. შეადარეთ მეცნიერების სახელწოდება ფილოსოფია. სოფისტები ერქვათ ერთ-ერთი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის მიმდევრებს. ბულგარეთის დედაქალაქში არის წმინდა სოფიოს სახელწოდების ტაძარი, რომლისგანაც მთელ ქალაქს მიუღია სახელი – სოფია. სოფიოს მოფერებითი ფორმებია ქართულში: სოფო, სოფიკო.

სულიკო (ქართული).

სურათა (არაბული) " სურათი ", " ნახატი ", " სახე ".

სუსანა (ძველი ებრაული) " შროშანა "  (შეადარეთ ყვავილის სახელწოდება სოსანი). ამ სახელის სომხური ფორმაა შუშანიკ. სუსანა მენელსაცხებლე დედისა და რამდენიმე მოწმის სახელია.