ქალის სახელები


ლალი - წარმოშობით ძველი ინდურია, აღნიშნავდა წითელი ფერის ძვირფას თვალს – ლალს, აქედანაა კი საერთოდ წითელ ფერს. როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობით იგი ისესხა არაერთმა აღმოსავლურმა ენამ. სხვადასხვა გზით ამ სიტყვას უკავშირდება სახელები ლალი, ლალა, ლალე, ლოლა. ზოგი მათგანი აღმოსავლეთის ხალხებში გვხვდება კაცის სახელადაც. აქედანაა გვარები: ლალაშვილი, ლალიაშვილი, ლოლაშვილი.

ლამარა - ახალი წარმოქმნილი ქართული სახელია. სვანეთში, უშგულის თემში, არის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი, რომელსაც ლამარა ჰქვია ( \" მარიამისა \"). აქედან არის მიღებული ლამარა. პირველად გვხვდება გრ. რობაქიძის ამავე სახელწოდების პიესაში.

ლამზირა (ქართული) სვანურად ნიშნავს \" სალოცავს \". ნაწარმოებია ლამარა-ს მსგავსად.

ლანა (სლავური) მოფერებითი ფორმაა, მიღებული სვეტლანა, რუსლანა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლების გზით.

ლარისა (ბერძნული) \" თოლია \".

ლატავრა (სპარსული) \" რატის ასული \". მისი ადრინდელი ფორმაა ლატავრი, რომელიც მემატიანის ცნობით, ქალის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VII სუკუნეში: \" ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატიონთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი \"  (ქართლის ცხოვრება \", I, 251). ეს სახელი გვხვდება X საუკუნეშიც - \" სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში \". ძველად გვხვდებოდა აგრეთვე ანალოგიურად ნაწარმოები ქალის სახელები: გვარამავრი და პეროჟავრი. ლატავრა ჰქვია სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების დრამისა და ზაქარია ფალიაშვილის ოპერის მთავარ მოქმედ გმირს.

ლაურა (ლათინური) \" დაფნა \"  (დაწვრილებით – იხ. ლავრენტი).

ლეილა (არაბული) \" ღამე \", გადატანით - \" შავი \", \" შავგვრემანი \". სხვაგვარი ეტიმოლოგიით, არაბულში შესულია ძველი ებრაულიდან, სადაც ლილია, ლილი ნიშნავს \" შროშანს \". ებრაულიდან ეს სიტყვაც და საკუთარი სახელიც ნასესხებია აგრეთვე ლათინურში და მთელ რიგ ევროპულ ენებში.

ლელა (ქართული) \" სწორთმიანი \"  (მცენარის სახელისაგან). XVII საუკუნიდან ცნობილია თეიმურაზ მეფის ასული - ლელა ბატონიშვილი. ლელა ჰქვია ვაჟა-ფშაველას \" ბახტრიონის \"  გმირ ქალს.

ლენა (სლავური) მოფერებითი სახელია, მიღებული ელენა, ელეონორა, ვილენა, ლეონინა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლებით გზით.

ლია (ძველი ებრაული) ეტიმოლოგია დაუზუსტებელია; არსებობს რამდენიმეგვარი ვარაუდი, რომელთა მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს \" დეკეულს \", ან \" ანტილოპას \", ან კიდევ \" დაქანცულს \", \" დაღლილს \".

ლიანა - ევროპული სახელის ლილიანა-ს შემოკლებული ფორმაა.

ლილიანა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც მას უკავშირებენ ყვავილის ლათინურ სახელს: ლილია - \" შროშანი \"  (თავის მხრივ ეს ლათინური სახელწოდება ძველი ებრაულიდან მოდის).

ლიდა, ლიდია (ბერძნული) \" ლიდიელი \"  (ლიდია მცირე აზიის ერთ-ერთი ქვეყნის სახელწოდებაა).

ლილი (ძველი ებრაული) \" შროშანი \".

ლიუდმილა (სლავური) \" ხალხის საყვარელი \". სლავურ ენებში არის ვაჟის სახელი ლიუდმილ, რომლისაგანაც ნაწარმოებია ქალის სახელი ლიუდმილა.

ლოლა (ირანული) \" იასამანი \".

ლონდა.

ლუბა, ლიუბა (სლავური) შემოკლებული ფორმაა სახელისა ლიუბოვ, რომელიც ბერძნულის კალკს (პირდაპირ თარგმანს) წარმოადგენს. ლეგენდის მიხედვით, იყვნენ წამებული დები: ქარისი ანუ აგათე ( \" სიყვარული \"), პისტის ( \" რწმენა \") და ელპის ანუ ელპიდე ( \" იმედი \"). მათ დედას ერქვა სოფიო ( \" სიბრძნე \"). ეს სახელები (სოფიო, აგათია, პისტი, ელპიდე) უთარგმნელადაც გავრცელდა ქრისტიან ხალხებში, ზოგან კი ითარგმნება კიდეც. ამგვარი თარგმანის ნიმუშია რუსული ვერა ( \" რწმენა \"), ლიუბოვ ( \" სიყვარული \"), ნადეჟდა ( \" იმედი \"), რომლებიც ბოლო საუკუნეებში შემოვიდა ქართულშიც.

ლუიზა - ფრანგული სახელია, ნაწარმოები მამაკაცის სახელისაგან: ძველი ფრანგული ‘ხლოდვიკ’ ნიშნავს \" სახელოვან მეომარს \". აქედან მომდინარეობს ვაჟის სახელი ლიუდვიგ (ლიუდვიკ), რომლისგანაც მივიღეთ ლუი, ამ უკანასკნელისაგან კი – ქალის სახელი ლუიზა.