ქალის სახელები


თათია, თათული (ქართული).

თალიკო - ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისაგან: თამრიკო_თალიკო.

თამარ - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი " ფინიკის პალმას "  ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული; გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.

თამთა - მიღებული ჩანს თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს " ღონიერს ", " გოლიათს ", " ძლიერს ", " მამაცს ", " გმირს ". სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო.

თამილა (ძველი რუსული) " ტანჯული ", " წამებული ".

თაფლო (ქართული)

თეა (ბერძნული) " ღვთაება " 

თებრონე (ბერძნული) მნიშვნელობა დაუდგენელია. ძველი ფორმაა თებრონია, ქართულში გავრცელებული ფორმაა თებროლე (გავიხსენოთ ხალხური ლექსი: " თებროლე მიდის წყალზედა "). მისი კნინობითია თებრო.

თეთრუა (ქართული).

თეკლე (ბერძნული) " ღვთის დიდება ". მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს - " ღმერთი ", რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში (იხ. თედორე), მეორე ნაწილია კლეოს - " დიდება ", რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა - " მამის დიდება ".

თეო (ბერძნული) " ღმერთი ", " ღვთაება ". თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.

თეოლინე - წარმოადგენს ბერძნული თეონილა-ს ქართულ ფონეტიკურ ვარიანტს, ნიშნავს " ღვთის გონებას "  ან " საღვთო ფიქრს ".

თეონა (ბერძნული) " ღვთის ფიქრი ", " ღვთის გონება ". ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.

თვალჩინა (ქართული).

თინათინ (ქართული) " მზის სხივის ანარეკლი ", " მოციმციმე სხივი ". " ვეფხისტყაოსნის "  ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.