|
|
|
|
|
 |
|
 |
|
 |
|
|
დავითგარეჯის წინამძღვრის არზა, საეკლესიო ყმების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, ეკლესიის სარგოს განსაზღვრის შესახებ (1771წ. 18 დეკემბერი)
დავითგარეჯის წინამძღვარი მდივანბეგებისაგან ითხოვს კანონის მიღებას, საეკლესიო ყმების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში სამართლიანი საზღაურის დაწესების შესახებ. ერეკლე II-მ უბრძანა მსაჯულებს, წინამძღვარს წერილობით აცნობონ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დავითგარეჯის ყმების ვალდებულებათა თაობაზე. მსაჯულებმა შემუშავებული კანონები წინამძღვარს წერილობით გაუგზავნეს: 1. თუ სამეფო ან თავადის ყმამ საეკლესიო ყმა მოკლა, საკანონო ეპისკოპოსს ეკუთვნის, ხოლო სისხლის საზღაური – თავადს. თუ სასამართლოს სოფლის მოურავი დაესწრო, „მცირე რამ“ მასაც ერგება. 2. სოფელში გამოაშკარავებული მეძავეობის შემთხვევაში, ეპისკოპოსთან უნდა იჩივლონ, განაჩენი მან უნდა გამოიტანოს და საკანონოსაც ეპისკოპოსი აიღებს - „სხვას საქმე არავის არა აქვს ეპისკოპოსის მეტს“. 3. თუ სამეფო ან სათავადო ყმამ საეკლესიო ყმას რამე მოპარა, „შვიდეულს აზღვევინებენ“. აქედან ორი ნაწილი პატრონისაა, ხუთი ნაწილი კი ეკლესიის. 4. თუ ეკლესიის ყმამ სამეფო ან თავადის ყმა მოკლა, სასამართლოზე იმ სოფლის მოურავი უნდა დაესწროს და „მცირედი რამე სამდივანბეგოსავით ერგება“. /1771წ. 24 დეკემბერი/
საბუთი №1238.
საკანონო – ცოდვის მოსანანიებელი გადასახადი, საეკლესიო სასჯელი; შვიდეული – შვიდი ერთეულის შემცველი (შვიდეულად – ერთი შვიდად, შვიდმაგად).
|
|
|
|
განაჩენი მღვდელ ევდემოზისა და ავთანდილ ჩიქანაშვილის ბატონყმური დამოკიდებულების შესახებ (1772 წ. 20 მაისი)
იმერეთში მცხოვრებ ავთანდის ჩიქანაშვილს ევდემოზ მღვდელი ყმობას უჩიოდა. ავთანდილი კი პასუხად ამბობდა: „მე აზნაურიშვილი ვარო, ჩემი მამა და პაპა იმერეთიდან ჩამოსულანო, გვარად ბაქრაძეები ყოფილანო, ნეტარხსენებულს ალექსანდრეს მეფეს წმინდის გიორგისთვის შეუწირავსო და წმინდის გიორგის სახასო ყმა აზნაურიშვილნი ვყოფილვართო...“. საჩივრის განხილვა ერეკლე II-მ ზენონ ალავერდელს, მდივანბეგ რამაზსა და მდივან ოთარს უბრძანა. მოწმეების ჩვენებით, რომლებიც სანთლებით ხელში დაფიცებასაც აპირებდნენ, მოსამართლეები დარწმუნდნენ, რომ ავთანდილი ნამდვილად ბაქრაძე იყო და არა ჩიქანაშვილი. როდესაც ავთანდილი და მისი ძმები ობლად დარჩენილან, მათი ბებია ცოლად შეურთავს ვინმე ჩიქანას და ამ მიზეზით მათთვის ჩიქანაშვილები უწოდებიათ. სასამართლომ დაადგინა, რომ ავთანდილ ჩიქანაშვილი, იგივე ბაქრაძე, ალავერდის წმ. გიორგის სახასო აზნაური იყო და ევდემოზ მღვდელს მასთან სადაო არაფერი ჰქონდა. 1773 წ. 26 მარტს ერეკლე II ამტკიცებს განაჩენს - „რადგან ამ ბაქრაძის მამა და პაპა დიდი ხნის დასახლებული არიან მამულზედ, სამართლით არც მამული გამოერთმევა ამ ბაქრაძესა...“.
საბუთი №359.
სახასო აზნაური – სამეფო აზნაური. |
|
|
|
დიკასტერიის გადაწყვეტილება მიტროპოლიტ მიხეილისა და თურქისტანიშვილების სადაო ყმების – ერტელი ყორღელიძეების საქმეზე (1778წ. 3 იანვარი)
ერეკლე II-ს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა და მსაჯულებს არაერთხელ განუხილავთ თბილისის მიტროპოლიტ მიხეილისა და თამაზ და ბეცია თურქისტანიშვილების დავა სოფელ ერტისში მცხოვრები ყორღელიძეების საეკლესიო ყმობის თაობაზე. უძეოდ ამოწყვეტილი დავით თურქისტანიშვილის ყმა-მამული ერეკლე II-მ თამაზ და ბეცია თურქისტანიშვილებს უბოძა, რომელთა შორის იყვნენ ერტელი ყმები – ყორღელიძეებიც. მიტროპოლიტი მიხეილი კი ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა სიგელი, თურქისტანიშვილების მიერ უზბაშ ქაიხოსრო ყორღელიძის სიონის ღმრთისმშობლის ეკლესიისთვის შეწირვის შესახებ. თურქისტანიშვილები ამბობდნენ, რომ ეს შეწირულობა თათრების შიშით დაიწერაო. ერეკლე II-მ საქმის გარჩევა დიკასტერიას უბრძანა. მსაჯულებმა თამაზსა და ბეციას, ორი გლეხკაცის თანდასწრებით, ფიცი დააკისრეს, რომ სიგელი შიშის გამო იყო დაწერილი. თურქისტანიშვილებმა ვერ დაიფიცეს და დიკასტერიის გადაწყვეტილებით, ყორღელიძეები საეკლესიო ყმებად დარჩნენ. განაჩენს ხელს აწერენ დიკასტერიის წევრები.
საბუთი №3254.
დიკასტერია – სამღვდელოების უმაღლესი სასამართლო; მსაჯული – მოსამართლე; უზბაში (თურქ.) – ასისთავი, ასეულის უფროსი. |
|
|
|
განაჩენი შერმაზან აფხაზიშვილის მკვლელობის საქმეზე (1782წ. 22 ივნისი)
შერმაზან აფხაზიშვილი თავისივე გლეხებმა მოკლეს იმ მიზეზით, რომ თითქოს, მან მოკლა (მოწამლა) ერეკლე II-ს ძე ლეონ ბატონიშვილი. ერეკლე II-მ განსაკუთრებული სიფრთხილით დაჰკითხა მკვლელები - „ხმის შემწამებელნი“ და საქმის გარჩევა მოსამართლეებს უბრძანა. მოსამართლეებმა, როგორც საქმის სიმძიმეს შეეფერებოდა, დაწვრილებით გამოიძიეს და დაადგინეს, რომ ეს ბრალდება სიცრუე იყო, შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ლეონ ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგ, ორმოცი დღის განმავლობაში, მკვლელებიც და შერმაზან აფხაზიშვილიც ცოცხლები იყვნენ. თუ მკვლელებმა მეფის ერგულებისთვის ჩაიდინეს ეს საქმე, რატომ მაშინვე არ აცნობეს მეფეს, ასეთი საქციელისთვის ისინი წყალობას მიიღებდნენ. 2. შერმაზანის მკვლელები რომ ლეონის მოწამვლის ღამეს ასახელებენ, მოსამართლეებმა დაჰკითხეს ყველა შინაყმა და მათ ფიცით დაადასტურეს, რომ იმ ღამეს ბატონიშვილს ვახშამი „არ უბრძანებია“. მკვლელები სასამართლომ არ შეიწყნარა, რადგან ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. მოსამართლეებმა გამოიტანეს აფხაზიშვილის გამართლების განაჩენი. განაჩენს ამტკიცებენ: ერეკლე II, სამეფო სახლის წევრები და უმაღლესი სასულიერო პირები.
საბუთი №5524.
|
|
|
|
მდივანბეგთა განაჩენი ციციშვილების მძოვრეთის ციხის სადაო საქმეზე (1783წ. 1 აპრილი)
ზაქარია ციციშვილი და ქალაქის მოურავი დავით ციციშვილი მძოვრეთის ციხეზე დავობდნენ. სასამართლოში ორივე მხარემ წარადგინა ბეჭდიანი საბუთები ციხის საკუთრების შესახებ. ზაქარიას მიერ მიტანილ საბუთზე, რომელსაც ბარძიმ მდივანბეგის ბეჭედი ჰქონდა, მოსამართლეებს ეჭვი შეეპარათ, რომ ბეჭედი ნაყალბევი იყო - „ეს წიგნები და ბეჭდები სიმართლეთ ვერ შევრაცხეთ.“ უზბაშ ზაზა ციციშვილს ზაქარიას მიერ საბუთების გაკეთებისა და ბეჭდების მოჭრის ამბავი ზედმიწევნით სცოდნოდა, ამიტომ ზაზა სასამართლოში დაიბარეს და ფიცის დადება მოთხოვეს. ზაქარიამ ეს რომ გაიგო, ზაზას შეეხვეწა: „ოღონდ დაიფიცე, რომ წიგნების და ბეჭდების მოჭრისა არა იცოდი რაო.“ ორმოცდაჩვიდმეტი თუმანი ხელში მისცა და სხვა მისაცემიც აღუთქვა. ზაზა საფიცრად რომ წაიყვანეს, გამობრუნდა და თქვა: „ბეჭედი უბეში მიძევს, როგორ დავიფიცოო.“ მივიდა სასამართლოში და სიმართლე აღიარა - „წიგნებიც ზაქარიამ გააკეთა და დაწერა და ბეჭდებიც ჩემთან მოაჭრევინა თავის მრულიშვილსაო.“ სასამართლომ დაადგინა - რადგან ზაზა მხოლოდ სიტყვით იყო გარეული ამ საქმეში და სიმართლე აღიარა, „მოსამართლე ბრალში ვერ შეიყვანს და არც მოეკითხება. ვინც ამგვარ საქმეს გამოსცემს, მოსამართლემ კიდეც უნდა გაახალისოს და დაუმადლოს.“ ხოლო ზაქარიას მძიმე სასჯელი დაეკისრა - „რადგან ამისთანა საქმე ქნა ზაქარიამ, რომ საქართველოში არავისგან მომხდარიყო და არავის გამოსჩენოდა ამისთანა სიცრუე და ... ამდენჯერ ტყუილის ბეჭდების დასხდომა, სამართალი მძიმედ მოეკითხება.“ მძოვრეთის ციხე დავით ციციშვილს დარჩა. ზაქარია ციციშვილს დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა, იგი მოურაობიდან გადააყენეს. ხოლო ბეჭდების გამყალბებელ მრულიშვილს მარჯვენა ხელის მოჭრა მიუსაჯეს, თუ ხელის ფასს ზაქარია არ გადაიხდიდა. განაჩენს ამტკიცებს ერეკლე II და რვა მდივანბეგი ბეჭდებით. ეს განაჩენი არის პირი, გადაწერილი XVIII ს-ში, ამიტომ იგი დედნის ტოლფასია.
საბუთი №5044
მდივანბეგი – მოსამართლე, მსაჯულთუხუცესი, სასამართლოს თავმჯდომარე; მოურავი - გამგებელი (ქალაქის, სოფლის); უზბაში - ასისთავი, ასეულის უფროსი.
|
|
|
|
განაჩენი სახლთუხუცეს გიორგი უთნელისშვილის და იორამ მრუვლისშვილი სასისხლო საქმეზე (1783წ. 8 აგვისტო)
სახლთუხუცესმა გიორგიმ სასამართლოს მოახსენა, რომ მთიდან შემთხვევით ჩამოვარდნილი ირემი მოკლა და ხორცი მსახურს უწილადა. იორამ მრუვლისშვილმა მსახურს ხორცის წართმევა დაუპირა, გიორგი კი თავის ყმას გამოესარჩლა და იორამს ხორცი უკან დააბრუნებინა. ამის შემდეგ მრუვლისშვილმა სახლიდან თოფი გამოიტანა და გიორგი ფეხში დაჭრა. საქმე სასამართლოში გაირჩა. მოსამართლემ გიორგის ჭრილობა გაზომა, რომელიც ოცდათორმეტი ქერის მარცვლის ზომა იყო. როგორც შუა აზნაურიშვილის სისხლი, მრულიშვილს დააკისრეს ორმოცდაცხრა თუმნისა და ორი მინალთუნის (ერთი ქერის მარცვლისოდენი სისხლი თექვსმეტ მინალთუნს უდრიდა) გადახდა. რადგან გიორგი ლიახვის სახლთუხუცესი იყო, ამ თანხას დაემატა მოხელეობის ათი თუმანი. განაჩენის სისრულეში მოყვანა სასამართლომ ხუთასისთავ ზაზა ამირეჯიბს დაავალა. განაჩენს ამტკიცებს ერეკლე II ბეჭდით 1783წ. 10 აგვისტოს.
საბუთი №4650.
სასისხლო სიგელი – ქონებრივი (ან ფულადი) საზღაური, რომელიც დამნაშავეს დაზარალებულის გვარისთვის უნდა გადაეხადა ამა თუ იმ მიყენებული ზიანისათვის. ასეთ ქონებრივ საზღაურს ქართული იურიდიული ტერმინოლოგიით „სისხლი“ ეწოდებოდა; მინალთუნი (ოსმალ.) – ერთი მანეთი ვერცხლი.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
|
 |
|
|
|
|
|
|