საქართველოს არქივები

საქართველოს ეროვნული არქივები ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ჩართული არიან კვლევით საქმიანობაში. მათი ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა სახელმწიფო დაცვაზე მიიღონ და მოუარონ ისტორიულად ღირებულ დოკუმენტებს და ხელმისაწვდომი გახადონ ისინი ფართო საზოგადოებისათვის. ეს არქივები წარმოადგენენ  მნიშვნელოვან დაწესებულებებს მათთვის ვინც დაინტერესებულია თავიანთი ოჯახების ისტორიითა და წარმომავლობით, ვინაიდან აქ დაცულია გენეალოგიური შინაარსის დოკუმენტები როგორც საეკლესიო ჩანაწერები, ასევე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მქონე მასალა.

ამრიგად, საქართველოს არქივებში არსებული საისტორიო წყაროები მდიდარია გენეალოგიური სახის ცნობებით. ამ საარქივო დოკუმენტების საფუძველზე შესაძლებელია შესწავლილ იქნას და დამტკიცდეს დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, სოცალური მდგომარეობის, სამსახურის, რელიგიური კუთვნილების და სხვ. ფაქტები ოჯახის ინდივიდუალური წევრების შესახებ. აღნიშნული გენეალოგიური კვლევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის საარქივო დოკუმენტები: საეკლესიო ჩანაწერები დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების შესახებ, მოსახლეობის აღწერის დოკუმენტები, იურიდიული და ნოტარიალური საქმეები, სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ სახელმწიფო დაწესებულებების მასალები, უმაღლესი და საშუალო სკოლების, პარტიებისა და ასოციაციების, თავად-აზნაურთა რანგის განმსაზღვრელი კომისიების და მრავალი სხვ. შინაარსის დოკუმენტები.

ძირითად წყაროს გენეალოგიური კვლევებისათვის წარმოადგენს საეკლესიო ჩანაწერები (ე. წ. მეტრიკული წიგნები), რომლებიც თავმოყრილია საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში, თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისიდან 1921 წლამდე და მოიცავს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას. 1921 წლიდან 1927 წლამდე მოქალაქეთა რეგისტრაციის მასალები დაცულია საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, ხოლო 1927 წლიდან დღემდე პერიოდის ეს მასალა მოთავსებულია  მოქალაქეთა რეგისტრაციის არქივებში, რომლებიც ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და ინახება იქ მათი შექმნიდან 100 წლის განმავლობაში. 

საეკლესიო წიგნების გარდა კიდევ არის სხვა გენეალოგიური შინაარსის წყაროები საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში. ესენია, მოქალაქეთა აღწერები, სიები, განათლების, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მასალები. საქართველოს მოქალაქეთა აღწერის დოკუმენტები იწყება 1803 წლიდან, თვით აღწერები კი ქვეყანაში ტარდებოდა ყოველ 10 წელიწადში. მასში მოცემულია ოჯახის წევრთა სახელები, გვარები, მათი ასაკი, საქმიანობა და ნათესაური კავშირები. ეს ინფორმაცია რგისტრირდებოდა სოფელებისა და ქალაქების მიხედვით.       

ისტორიული დოკუმენტები, ტერმინოლოგია, ქრონოლოგია

 

საბუთი და დოკუმენტი არაქართული ტერმინებია. საბუთი არაბული სიტყვაა და ქართულში შემოვიდა, როგორც ჩანს, სპარსულის გზით. იგი ქართულად ნიშნავს დამტკიცებას, დამოწმებას. საბუთი ქართულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება და მტკიცედ იკიდებს ფეხს XIX საუკუნეში. დოკუმენტი საერთაშორისო დიპლომატიკური ტერმინია და წარმოდგება ლათინური ზმნიდან doceoვამცნობ, ვასწავლი. ეს ტერმინი ქართულ საისტორიო წყაროებში არ გვხვდება, მაგრამ თანამედროვე ქართულში უკვე დამკვიდრებულია.

 

როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, ძველად საქართველოში დოკუმენტთა აღმნიშვნელ სიტყვად იხმარებოდა: წიგნი, სიგელი, დაწერილი, გუჯარი, ნიშანი, პიტაკი, იარლუყი, ბრძანება, ფირმანი, რაყამი, დავთარი, ბარათი, არზა, ოქმი, თამასუქი, უსტარი, პატრუცაგი, ენდალმა, მატიანე, ტომარა, ნუსხა, დასტურლამა, განაჩენი, განჩინება, წერილი, პირი, ფიცი, ანდერძი, ჩაქი, წარკვეთილი, ქარტა, გახსნითი, განწესება და სხვ. [ივ. ჯავახიშვილი, ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ. 1926]

 

სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში, ჩამოთვლის რა დოკუმენტის აღმნიშვნელ ტერმინებს, წერს, რომწიგნი ეწოდების ერთსა წერილთაგანსა მრთელსა, ვისიც იყოს; ხოლო მინაწერსა მოკითხვათა და სასაქმოთაუსტარი; უდარესისაგან უაღრესის მინაწერსიერლაყი; მეფეთაგან მეფესთან მინაწერთაპატრუცაგი; მეფეთაგან მინიჭებისა წერილსასიგელი; აგარაკთა და სოფლების დამტკიცებისა წერილსაგუჯარი; მეფეთაგან ბრძანება-შეუცვალებელსა წერილსარუარტაგი (როარტაგი); სამეფოთა მოსახსენებელსამატიანე; წარსაგებელთა აღწერილთადივანი; გრძლად გარდაბმულთა წერილთატომარი; განსაგებელთა წერილთაგანაჩენი; განყრისა და განშორებისა წერილთაგანსაშორებელი; სამოწმო წერილსასვისტატიკოსი. ღვთისა, გინა მეფეთა ბრძანებასაენდელმა ეწოდების” [ სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბ., 1991, II, გვ. 272].

ისიდორე დოლიძე განმარტავს, რომ შუა საუკუნების ქართულ სამართალში საკანონმდებლო აქტის აღსანიშნავად რამდენიმე ტერმინი იხმარებოდა. ასეთი ტერმინები იყო: წიგნი, სიგელი, გუჯარი, დაწერილი, ბრძანება, ელი, პიტაკი და ოქმი. წიგნი ყოველგვარი (როგორც ოფიციალური, ისე კერძო) საბუთის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი იყო. სიგელი და გუჯარი მეფის მიერ ნაბოძებ საბუთს ეწოდებოდა; ბრძანება ან ოქმიმეფეთა განკარგულებას, ხოლო ელი ქვაზე ამოკვეთილ მეფის ბრძანებას გულისხმობდა. სიგელის მნიშვნელობის აღსანიშნავად ზოგჯერ ბრძანება და პატაკიც იხმარებოდა. რაც შეეხება დაწერილს, იგი XV საუკუნემდე იხმარებოდა  და იმ საბუთებს ეწოდებოდა, რომლებიც მეფის მიერ იყო გაცემული, მაგრამ ზოგჯერ საკანონმდებლო აქტსაც შეიცავდა (მაგალითად, ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის დაწერილი შიო-მღვიმისადმი). [ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, . II, გვ. IX]

 

 

ძველი ქართული ასოთი-წელთაღრიცხვის გადაყვანა რიცხვებში:

 

– 1;   – 2;   – 3;   – 4;   – 5;   – 5;   – 6;   – 7;   – 8;   – 9;   – 10;   – 20;   – 30;   – 40;   – 50;   – 60;   – 70;   – 80;   – 90;   – 100;   – 200;   – 300;   – 400; – 500;   – 600;   – 700;   – 800;   – 900;   – 1000;   – 2000;   – 3000;   – 4000;   – 5000;   – 6000;   – 7000;   – 8000;   – 9000; –10000.

მაგალითად, ჩღჲთ = 1769 წელს;  ჩყპზ = 1887 წელს.

    გამოგზავნეთ მოთხოვნა:   მოთხოვნის გამოგზავნამდე გთხოვთ იხილოთ რას გთავაზობთ
 
Geo | Eng
Краткая русская версия
 

 
Copyright © 2006-2010 Georgian Genealogy. All rights reserved.